საზოგადოება
2023 წლის წარმატებული ადამიანები მესხეთიდან
2023 წელი დასრულებამდე ბოლო დღეებს ითვლის, ჩვენ კი გავიხსენოთ რა მნიშვნელოვანი და წარმატებული მოვლენა მოხდა ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით.

რა თქმა უნდა ვიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა და ქართველებს უდიდესი სიხარული მოგვანიჭა.
კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა უდიდესი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილების ბედ-იღბალზე. ეს იყო ქართველი ხალხის პროტესტით მიღწეული წარმატება. საუბარია „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევაზე.
ამ წელმა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსაც წარმატებაც მოუტანა.

აღსანიშნავია მესხი სპორტსმენების მიღწევები სხვადასხვა მიმართულებით.

ახალციხელმა MMA-ის მებრძოლმა ამირან გოგოლაძემ "OKTAGON MMA"-ში ერთ წელში ორი გამარჯვება მოიპოვა. პირველად 2023 წლის 21 მაისს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ინგლისელი ლაიამ ეტებარი დაამარცხა, მეორედ კი 9 ოქტომბერს პოლონელ ლუკაშ სივიეცთან მოიპოვა გამარჯვება.
2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა ახალციხელი სედრაკ კარაპეტიანისთვისაც, კუდოისტმა ლიეტუველი კრისტუპას კანცლაუსკასი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. სედრაკ კარაპეტიანი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
აღსანიშნავია ბორჯომელი სპორტსმენის, გიორგი ტალახაძის წარმატება.მან 70 და 85 ტონის ოდენობის ხუთი ტრაილერი, მხრებით გაწია და ახალი გინესის და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.სპორტსმენს არაერთი რეკორდი აქვს დამყარებული გასული წლების განმავლობაში.
ახალციხელმა მძლეოსანმა მინდია ენდელაძემ "Continental tour bronze"-ს შეჯიბრში ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ენდელაძე 100-200 მეტრიან დისტანციაზე ასპარეზობდა, სადაც პირადი რეკორდი დაამყარა და ორივე მანძილზე- 100 მეტრი 10,41 წამში, ხოლო 200 მეტრი 20,88 წამში დაფარა და ორივე მანძილზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ადიგენელმა ძიუდოისტმა მარიამ თუმანიშვილმა, ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე "კადეტთა ევროპის თასის ჩემპიონატზე" ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა.სპორტსმენი 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და პირველ საშეჯიბრო დღეს, მეორე ადგილით დაასრულა შეჯიბრი.მარიამი არაერთი ჯილდოს და ტიტულის მფლობელია.
ახალციხელი მარიამ მიგრიაული ბათუმის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია.ახალგაზრდა მოჭადრაკემ, 10 წლამდე ასაკის გოგონათა შორის წარმატებით იასპარეზა და ,,მერიის თასი 2023-ის " მფლობელი გახდა.
ახალციხელმა მოკრივემ საბა ნებაძემ საქართველოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა და მის ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.შეჯიბრში 2009 და 2010 წელს დაბადებული მოკრივეები მონაწილეობდნენ, საბა ნებაძემ კი 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიმსახურა.
2023 წელი წარმატებული და გამორჩეული იყო ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვისაც.

მესხეთის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა „გრან-პრი“ თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის მოიპოვა. „ირინეს ბედნიერება“ ასე ჰქვია გამარჯვებულ სპექტაკლს, რომლის რეჟისორი საბა ასლამაზიშვილია, ავტორი კი დავით კლდიაშვილი.
სასკოლო ფესტივალზე აწყურის სკოლამ საუკეთესო სპექტაკლისთვის გრან-პრი მოიპოვა.ფესტივალი სამი წელია ტარდება და აწყურის სკოლამ უკვე მეორედ აიღო გრან-პრი. პირველ წელს მოწონება ანტუან სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწულმა" დაიმსახურა, წელს კი სპექტაკლმა "უჩინმაჩინის ქუდი".
ახალციხის სპორტული ცეკვების სტუდია "სიხარულმა" ტრადიციულ ფესტივალზე, "ოქროს ბათუმი", პირველი ადგილი მოიპოვა. ფესტივალი ბათუმში ჩატარდა და მასში, მონაწილეობა მოცეკვავეებმა 10 ქვეყნიდან და რეგიონებიდან მიიღეს.
ახალციხის თოჯინების თეატრმა საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალზე გაიმარჯვა. დასმა ჯილდო სპექტაკლისთვის "80 000 კმ წყალქვეშ" - ორ ნომინაციაში დაიმსახურა, ესენია საუკეთესო სცენოგრაფია და "თეატრმცოდნეთა ჯილდო".
ახალციხელმა მხატვარმა ნუგზარ თამარაშვილმა First Wish Art Gallery- ის ხელოვნების საერთაშორისო, მეოთხე ონლაინ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა. თამარაშვილმა საპრიზო ადგილი ნამუშევარში „პარიზი, მოდილიანის გზაზე“, ნომინაციაში "უნიკალური ხელმოწერისა და კონცეფციისთვის" დაიმსახურა.
ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლომსია” და “მესხეთის უნივერსიტეტი” ამერიკაში გაემგზავრებიან.მესხმა მოცეკვავეებმა ფესტივალ - კონკურსში “გახდი ოსკაროსანი” - მიიღეს მონაწილეობა და უმაღლესი პრიზი დაიმსახურეს. ოსკაროსანი ანსამბლი კი ლას ვეგასში გამგზავრება.
მიმდინარე წელი ტრადიციულად წარმატებული იყო განათლების სფეროშიც. წინა წლების მსგავსად წელსაც ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტებმა უმაღლესი ქულები დაიმსახურეს, მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება, გაიმარჯვეს გაცვლით პროგრამებში. სასწავლო ვიზიტებით იმოგზაურეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

წელი წარმატებული იყო არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.

სამცხე-ჯავახეთის წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ აბრამიშვილი გახდა. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა 25 მარტს გაიმართა.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წარმატებებისა, რასაც ჩვენს რეგიონში სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანები აღწევენ.

ვიმედოვნებთ, რომ 2024 წელს უფრო ვრცელი სია გვექნება წარმატებული და გამარჯვებული თანაქალაქელების.

„მეცხრე არხი“ გისურვებთ ბედნიერებით, წარმატებით და სიყვარულით სავსე წელს.

| Print |