"დრაკონული კანონი, რომელიც არასამთავრობოების ლიკვიდაციას ემსახურება", - ცირა მესხიშვილი
27.06.2024
ერთ თვეში მედიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ე.წ. "რუსული კანონი" დაავალდებულებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირდნენ. სამოქალაქო სექტორის ნაწილი რეგისტრაციას არ აპირებს, მათ შორისაა ასოციაცია "ტოლერანტი". დირექტორი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს, თუმცა რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში თუ ხელისუფლება ორგანიზაცია შეზღუდავს, საჭიროების შემთხვევაში მუშაობას ყოველგვარი დაფინანსების გარეშე გააგრძელებს.
"ტოლერანტს" ჰქონდა პერიოდი, როცა წლები დაფინანსების გარეშე, მაგრამ მაინც მუშაობდა. არიან ორგანიზაციები, რომელსაც არ აქვთ დაფინანსება მაგრამ მუშაობენ, მეც გავაგრძელებ მუშაობას, სამოქალაქო სექტორს ამ კანონებით ვერ გააჩუმებენ" - ამბობს ცირა მესხიშვილი.
ასოციაცია "ტოლერანტი" სამცხე-ჯავახეთში 2001 წლიდან ფუნქციონირებს. მიგრანტების, უმცირესობების, შშმ პირების, პატიმრების უფლებების დაცვა - ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ასოციაციამ თითქმის 25 წლის განმავლობაში რეგიონში იმუშავა.
27 ივნისს ევროსაბჭოს ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, სადაც განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს. როგორც რეზულუციაშია ნათქვამი, კანონის ამოქმედება, არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ხელს შეუშლის მუშაობაში. ევროსაბჭო საქართველოს მოუწოდებს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად აღებული ვალდებულებები შეასრულოს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ხელშესახები ქმედებებით.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თუ ქვეყანაში ვითარება არ გაუმჯობესდება, შესაძლოა ევროპამ შეწყვიტოს ფინანსური დახმარება და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლას დროებით შეჩერებაზე იმსჯელოს.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, ამ კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.
კანონის მიხედვით, მედიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი უკვე 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში, რამაც მრავალი ორგანიზაციის დახურვა გამოიწვია. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
ე.წ "რუსული კანონის" მიღების გამო აშშ-მა მთავრობის წარმომადგენლების მიმართ სანქციები აამოქმედა.