საზოგადოება
„ცენტრის არსებობა აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - ელისო თათეშვილი
„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ ახალციხეში 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრი აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვებსა და მოზარდებს ქცევის მართვის თერაპიას სთავაზობს, ასევე ლოგოპედისა და ფსიქოლოგის მომსახურებას, რომელიც მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ბავშვთა და მოზარდთა ცენტრს, ამჟამად ოცამდე ბენეფიციარი ჰყავს, მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ელისო თათეშვილი გვეუბნება, რომ მომართვიანობა დიდია და მუშაობის გაგრძელებაც აუცილებელი, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ „რუსული კანონი“, რომელიც დღეიდან ძალაში შევიდა, რამდენად მისცემს ამის შესაძლებლობას არ იცის. ჯერ არც ის იცის, როგორ გააგრძელებს მუშაობას.

„ძირითადად უცხოური გრანტებით ვფინანსდებით და ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალეა. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ბავშვებისთვის ეს ცენტრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყოფნა მათთვის არის თერაპია, რომელიც კვლევებზეა დაფუძნებული. ბევრი პროგრესი დავინახეთ ბენეფიციარებში, როგორც იცით ეს არის მდგომარეობა, რომელიც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პატარა ასაკშივე იმ სირთულეების მოგვარება, რაც აქვთ. ამიტომ, თუ წყვეტა იქნება ეს უკან დაწევს ბენეფიციარების მდგომარეობას“ -გვეუბნება ელისო თათეშვილი.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.

კანონი პირველი აგვისტოდან უკვე ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ამოქმედდა სხვადასხვა სანქციები და ფინანსური შეზღუდვები, როგორც ევროპის ისე ამერიკის მხრიდან. საქართველოში კი პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, კანონის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც სასამართლო დაახლოებით ერთი თვის ვადაში განიხილავს.
| Print |