საზოგადოება
სესხით შეძენილი ნაგავმზიდები ექსპლოატაციაში 19 ივნისიდან შევა
10 წლიანი სესხით შეძენილი ნაგავმზიდები ექსპლოატაციაში 19 ივნისიდან შევა. ახალციხის მერი ირწმუნება, რომ ორივე მანქანის გასაღებს კეთილმოწყობის სამსახურს ორშაბათს თავად გადასცემს.

კითხვაზე, რატომ დაგვიანდა ნაგავმზიდების ამუშავება – ვლადიმერ ზედგინიძე აცხადებს, რომ გადაფორმების საკითხი გაჭიანურდა. თუმცა "მეცხრე არხისთვის" 16 მაისს მიცემულ ინტერვიუში ქალაქის მერი ირწმუნებოდა, რომ მანქანებისთვის ნომრებს ორ დღეში აიღებდნენ. თუმცა ნაგავმზიდები ამ დრომდე კვლავ 9 აპრილის ქუჩაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე უმოქმედოდ დგას.

ვლადიმერ ზედგინიძის თქმით, პრობლემას წარმოადგენს საწვავიც. რაც შეეხება ნაგვის კონტეინერებს, უბნებზე გადასანაწილებელი მხოლოდ 25 ცალია დარჩენილი.

იანვარში შესყიდული ორი ნაგავმზიდისა და 100 ერთეული კონტეინერის შეძენა ახალციხის მერიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. ამისთვის მუნიციპალიტეტმა 10–წლიანი სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან აიღო.

| Print |
თეგები: ნაგავმზიდები /