სოფლის მეურნეობა
თაღლითობა თუ სამოქალაქო დავა - დაზარალებული ფერმერები შპს ჰერმესის წინააღმდეგ
ფერმერები შპს „ჰერმესის“ წინააღმდეგ - სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები პირები ორ წელზე მეტია უშედეგოდ ელიან კომპანიისგან ტექნიკას, რომლის საფასურიც - ათი ათასობით ლარი წლების წინ გადაურიცხეს. ადვოკატების თქმით, სახეზეა თაღლითობის შემთხვევა, თუმცა ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, არც პროკურატურა და არც ფინანსური პოლიცია ინტერესდება საქმით, რომელმაც ფერმერები აზარალა. ეს კი ადვოკატებს აფიქრებინებს, რომ კომპანიას ხელისუფლება მფარველობს. შპს „ჰერმესის“ მფლობელი იოსებ გუგუციძე წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ტენდერებში და ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

ფერმერები, რომლებიც საკუთარი მეურნეობის გაძლიერებისთვის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვნენ და ტექნიკის შესაძენად ბანკიდან სესხები აიღეს, მოტყუებულები აღმოჩდნენ. ისინი კუთვნილი ტრაქტორების ან გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ. არაერთმა სახელმწიფო უწყებამ უთხრა, რომ მოტყუებული და დაზარალებული ადგილობრივების უფლებების დაცვა მათი საქმე არ იყო.

ახალქალაქში მცხოვრებმა ახალგაზრდა ფერმერებმა საქართველოს მთავრობის მიერ, 2021 წელს დამტიცებული სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პირობების მიხედვით, გლეხებს ტექნიკა თავად უნდა შეეძინათ, ღირებულების 35%-ს კი სახელმწიფო დაფარავდა. ტრაქტორების შესაძენად ფერმერებმა ოთხწლიანი კრედიტი აიღეს და შპს „ჰერმესს“ თანხა 2021 წლის დეკემბერში გადაურიცხეს. შეთანხმების მიხედვით, მათ ტექნიკა მაქსიმუმ, 50 დღეში უნდა მიეღოთ.

„სახელმწიფოს ჰქონდა გამოცხადებული გრანტი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, რომ როგორც მცირე ფერმერებს, ჩვენი ბიზნესი წინ წაგვეწია. ჩვენ უნდა გადაგვეხადა ტექნიკის ღირებულების 65 პროცენტი, 35 კი სახელმწიფოს. ინტერნეტში მოვძებნე კომპანია ჰერმესი, რომელსაც წლების განმავლობაში ჩამოჰყავდა ტექნიკა და მასთან სახელმწიფო უწყებებიც თანამშრომლობდნენ. რადგან მთავრობაც კი ენდობოდა, მეც მასთან თანამშრომლობა გადავწყვიტე.

ტრაქტორების ფასი იყო 82 000 ლარი, ჩვენ უნდა გადაგვეხადა 54 000 ლარამდე, ხოლო დანარჩენი სახელმწიფოს. არაერთხელ ველაპარაკე დირექტორს იოსებ გუგუციძეს, შევთანხმდით, ინვოისიც გამოგვიგზავნა, რის საფუძველზეც კრედიტი ავიღე და თანხა გადავურიცხე, ტრაქტორი უნდა მოეტანა 50 დღეში, მაგრამ ორ წელზე მეტი გავიდა“
, - ამბობს ღაზარ ზაქარიანი, ახალქალაქის სოფელ დადეშის მკვიდრი.

იმის გამო, რომ კომპანიამ ტრაქტორები დროულად არ ჩამოიყვანა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ისინი სახელმწიფო პროგრამას გამოეთიშნენ. სოფლის განვითარების სააგენტომ უარი უთხრა დარჩენილი თანხის დაფარვაზე, ამავე მიზეზით, სახელმწიფო აგროკრედიტიდანაც გავიდა და 8%-ში აღებული სესხები 16% გაუხდათ. მას შემდეგ, რაც კომპანიის მფლობელი იოსებ გუგუციძე მათ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდა, დაზარალებული ფერმერები კომპანიის ოფისში არაერთხელ მივიდნენ, თუმცა ადგილზე ეუბნებიან, რომ აქ აღნიშნული კომპანია აღარ ფუნქციონირებს.

„2021 წლის 30 დეკემბერს, პირადად მე ჩავურიცხე კომპანია ჰერმესს 53 644 ლარი, კომპანიის დირექტორი თავიდან გამოდიოდა კავშირზე, 3-4 თვე გვატყუებდა, აი ახლა მომყავს ტრაქტორიო, შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემას ასახელებდა, გულის ოპერაცია გავიკეთეო, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და ეს მოჰქონდა მიზეზად, რომ ტექნიკას ვერ ნახულობდა. ზღაპრებს გვიყვებოდა. მერე კონტაქტზეც აღარ გამოდიოდა.

თავიდან მივმართეთ ადგილობრივ პროკურატურას, პროკურატურამ პოლიციას გადააბარა, გამოგვიძახეს, გვითხრეს, რომ ვერ ვცნობთ თაღლითად და საქმეს ვერ აღვძრავთო. შემდეგ ფინანსურ პოლიციას მივმართეთ. აქაც იგივენაირად გვიპასუხეს, რომ ის არ არის თაღლითი. თვეში 4000-5000 ლარს ვიხდით, რომ კრედიტებს მოვრჩეთ. კრედიტის თანხა გახდა 70 000 ზე მეტი, სახელმწიფომაც არ მოგვცა თავისი 35%, ახლა უნდა გადავიხადოთ სრულიად“,
- გვითხრა ახალქალაქის სოფელ სულდას მკვიდრმა გრიგორ აპოიანმა.
შესაძლო თაღლითობის შემთხვევის გამოძიებაზე პროკურატურამ და ფინანსურმა პოლიციამ უარი განაცხადა. დაზარალებულმა ფერმერებმა და მათმა ადვოკატებმა სხვადასხვა უწყებას არაერთი განცხადებით მიმართეს, თუმცა ძალოვანი უწყებიდან საპასუხოდ წერდნენ, რომ ეს სამოქალაქო დავა იყო და გამოძიებას ვერ დაიწყებდნენ. ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ კომპანიას მაღალჩინოსნები მფარველობენ.

„ნებისიერი იურისტი დაადასტურებს, რომ კომპანიის დირექტორის ქმედება არის სისხლის სამართლის დანაშული. პირად საუბარში ყველა სამართალდამცავი გვიდასტურებს, რომ ეს არის თაღლითბა, მაგრამ როცა უწყებაში შეგვაქვს საჩივარი, მოგვდის სტანდარტული პასუხი, რომ ეს არის სამოქალაქო დავა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კომპანიას ჰყავს მფარველები არათუ სამართალდამცვავებში, არამედ ხელისუფლებაში.

სხვა შემთხვევაში, აუცილებლად დაიწყებოდა გამოძიება და დადგებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომ გვგონია, რომ აი ახლა დაიწყება გამოძიება, იქ თითქოს ფარული ხელი ჩნდება და სტანდარტული პასუხი მოდის. ამ ქვეყანაში სხვა არაფერი დაგვრჩა და იძულებული ვართ მივმართოთ სასამართლოს, რადგან ეს ადამიანები დღემდე ბანკის პროცენტებს იხდიან იმისთვის, რომ გუგუციძემ ათი ათასზე მეტი ლარი ჩაიდო ჯიბეში და ამაზე არც ერთი სამართალდამცავი ხმას არ იღებს.

ამ კომპანიის დაზარალებული სხვა ადამიანებიც არიან. იდენტური საქმეა, იმ შემთხვევაშიც დაზარალებულის ადვოკატი ვიყავი. ქალი იყო ბრალდებული და თაღლითობის ბრალდებით დღესაც პატიმრობაშია. თანაც გაცილებით ნაკლები თანხა იყო, რამდენიმე ათასი“
, - ამბობს დაზარალებულების ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

კომპანია ჰერმესი 1999 წელს დაარსდა, მისი ძირითადი საქმიანობა სასოფლო-სამეურნეო და საგზაო-სამშენებლო ტექნიკის იმპორტია. 2011 წლიდან კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა დაიწყო. 8 წელში, სახელმწიფო უწყებებიდან 6 მლნ 700 ათას ლარამდე თანხა აქვს მიღებული.

იოსებ გუგუციძე ფლობს მეორე კომპანიასაც - „აგროინვესტსერვისი“, რომელიც ასევე მონაწილეობდა ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. ჯამში, მიღებული აქვს 8 მლნ, 340 ათას ლარამდე, თუმცა ერთი თვის წინ საჯარო რეესტრს მიმართეს, რომ კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადოს. ამ ეტაპზე, გადახდისუუნარობის საქმისწარმოება მიმდინარეობს.

ორივე კომპანია ერთ მისამართზეა რეგისტრირებული, კომპანიების ოფიციალურ ტელეფონის ნომრებზე არ გვიპასუხეს.
დაზარალებულმა ფერმერებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს. ისინი იმედოვნებენ, რომ კომპანიისგან ათი ათასობით ლარის დაბრუნებას ამ გზით მაინც შეძლებენ, კომპანიას კი შეთანხმების დარღვევისთვის პასუხისგება მოუწევს.

| Print |