რელიგია
მეუფე თეოდორე: “ეპარქიას წმ. შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის ხარჯები არ ჰყოფნის”
წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრის მოპირკეთებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარის გამოყოფის საკითხს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი გამოეხმაურა. მეუფე თეოდორემ მშენებლობის გაჭიანურების მიზეზებზე ისაუბრა.

მიტროპოლიტის განმარტებით, ეპერქიის ხარჯები ტაძრის მშენებლობას არ ჰყოფნის, ამიტომ დასახმარებლად ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს. ახალციხის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 100 000 ლარი, მხოლოდ ეკლესიის მოპირკეთებისთვისაა საკმარისი. გარდა ამისა, სასწრაფოდ შესასრულებელია გადახურვითი სამუშაოები, რისთვისაც თანხების მოძიებას ეპარქია წელსვე შეეცდება.

ტაძრის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გადაირიცხა 2015 და 2016 წლებშიც, რომლის საერთო ოდენობამაც 200 000 ლარი შეადგინა.

წმინდა შალვა ახალციხელის ტაძრის მშენებლობა ადგილობრივმა ვასილ ივანიძემ 2009 წელს დაიწყო. იმ დროისთვის საჭირო ხარჯის ოდენობამ 2 მილიონ ლარამდე შეადგინა. ბიზნესმენის გარდაცვალებამდე, დაახლოებით, 1 მილიონი ლარი დაიხარჯა, რის შემდეგაც მშენებლობა შეჩერდა. მეუფე თეოდორეს ვარაუდით, ეკლესიის მშენებლობის დასრულებისთვის, დაახლოებით 700 000 ლარია საჭირო.

რაც შეეხება ცენტრალური ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადარიცხულ 25 მილიონ ლარს, აქედან, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქია 430 000 ლარი მიიღო. მეუფე თეოდორეს თქმით, ეს თანხა, სასწავლებლებსა და სოციალურ სახლებს ხმარდება. მისივე განმარტებით, ეპარქიაში მოქმედებს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სემინარია, ასევე საღვთისმეტყველო და გამოყენებითი ხელოვნების ფაკლულტეტები. გარდა ამისა, ფუნქციონირებს 9 სკოლა. სასწავლებლებში 105 თანამშრომელია დასაქმებული, სადაც 700–მდე მოწაფე სწავლობს. მიტროპოლიტის თქმით, ეპარქიისთვის გამოყოფილი თანხა მთლიანად განათლებასა და სოციალური პროექტებისთვის იხარჯება.



| Print |