საზოგადოება
ახალციხეში რეზერვისტებმა ფიცი დადეს

13 ნოემბერს ახალციხის ციხის, ამფითეატრის ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის, 104-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის რეზერვის პირადმა შემადგენლობამ საზეიმოდ დადო ფიცი.

"სამცხე-ჯავახეთისთვის ემოციური დღეა, რადგან პირველი სარეზერვო ქვედანაყოფი შეიკრიბა რეგიონში "- განაცხადა ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა  რომან ჯოხაძემ.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ხელისუფლების, თავდაცვის ძალების და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეზერვისტთა სრული შემადგენლობა და ღონისძიების დამსწრე საზოგადოება მამა იოანემ დალოცა.

რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აჭარის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები 18 – დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები, 18-დან 22 წლის ჩათვლით.

ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ. მათი ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20% შეადგენს, ხოლო ქვედანაყოფში ყოფნისას ისინი ხელფასს სრულად
აიღებენ. რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარს შეადგენს.
| Print |