"ჭალის ტყეების გადასარჩენად" - პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
24.02.2023
დღეს, 24 თებერვალს, ახალციხეში პროექტის „სათემო ადვოკატირების მხარდაჭერა მდინარე მტკვრისა და ფოცხოვის შესართავთან არსებული ჭალის ტყეების გადასარჩენად“ - პრეზენტაცია გაიმართა.
მისი მიზანი მდინარე მტკვრის ჭალების ეკოლოგიური სივრცის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში პოპულარიზაცია და გარემოსდაცვითი საკითხებისა და სამიზნე ჭალის მნიშვნელობაზე, ჭალის მიმდებარე სოფლებში და ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.
პროექტის ფარგლებში მოხდება მდინარე მტკვრის ჭალების მდგომარეობის მონიტორინგი - არსებული მდგომარეობის კვლევა; ეკოსისტემის მნიშვნელობის, სამართლებრივი მდგომარეობისა და დოკუმენტაციის შესწავლა; საინფორმაციო კამპანიის წარმოება მოსახლეობაში - შეხვედრები; გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმა; საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება; სოციალური კლიპის მომზადება;
სამიზნე არეალის სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეებისგან ეკო-მხარდამჭერთა ჯგუფის ჩამოყალიბება; საინფორმაციო შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ორგანიზება გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან; მონიტორინგის ანგარიშის მომზადება და მდინარე მტკვრის ჭალების დაცვისთვის რეკომენდაციების განსაზღვრა; გარემოს დამცველთა კოალიციის შექმნა; გარემოს დაცვის სამინისტროს სახელზე მიმართვის წერილის მომზადება, ანგარიშის შინაარსის მოსახლეობისთვის გაცნობა და პეტიციის შესრულების მონიტორინგი.
პროექტს ახორციელებს ასოციაცია „ტოლერანტი", „ღია საზოგადოება ფონდის“ დაფინანსებით.