ირმა ნათენაძე სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალციხეში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ორ ოთახს, სადაც ჭერი ჩამონგრეულია, კედლები კი დამსკდარი, სააბაზანო არ აქვს. ჭურჭელს კი ფაქტობრივად გარეთ რეცხავს. ბავშვებს აივანზე გასვლა ეკრძალებათ. ამორტიზებული იატაკი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს.
მოზარდების კვების რაციონი ძირითადად, პურითა და კარტოფილით შემოიფარგლება. სახელმწიფო თითო ბავშვს თვეში მხოლოდ 10 ლარს უხდის. ამ თანხით, მოზარდების გამოკვება და მოვლა შეუძლებელია. ამიტომ ირმა ხშირად მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს.
პეტრე ჩილინგარაშვილი მუშის მოსასვენებლ ქოხში ცხოვრობს. სახლის აშენება ვეღარ მოასწრო. 78 წლის კაცისთვის, ეს რამდენიმე კვადრატული მეტრია საძინებელიც და სამზარეულოც. მარტოხელა მოხუცს გადაადგილება უჭირს. ის არალში მეზობლების იმედადაა.
მარტოხელა მამაკაცი სოციალურ დახმარებას 2006 წლიდან ცხრა წლის განმავლობაში იღებდა. მის სახელზე არც სახლი და არც მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული, თუმცა სარეიტინგო ქულა 37 000–დან 97 000–მდე აეწია. პეტრე ჩილინგარაშვილის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, სამხედრო დანამატით. 238 ლარი კომუნალურ გადასახადებზე, მედიკამენტებსა და საკვებზე ძლივს ჰყოფნის.
ირმა სამი შვილით და პეტრე პაპა უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ, თუმცა სისტემისთვის ეს საკმარისი არგუმენტი არ არის.