სამოქალაქო სექტორი ოჯახში ძალადობის შესახებ კანონის გადახედვას ითხოვს
11.04.2017
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული პროკურატურა, წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
საგამოძიებო ორგანომ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს 10 აპრილს მიმართა. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 11 აპრილს ჩაინიშნება.
მკვლელობა ორი დღის წინ, დაბა ასპინძაში მოხდა. ქმარმა ცოლს ათამდე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს, სახლში მათი მცირეწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. ბრალდებულმა, მკვლელობის შემდეგ, იმ მამაკაცის ნახვა გადაწყვიტა, ვისზეც ეჭვიანობდა. სახლში მამა დახვდა, რომელსაც ბლაგვი საგნით, თავსა და ლავიწზე, დაზიანებები მიაყენა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ წყვილს პრობლემები მუდმივად ჰქონდა.
ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენციისთვის, სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე მუშაობს – ამბობენ ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციაში. მარინა მოდებაძის აზრით, კანონის გამკაცრება ლეტალური შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს. "დემოკრატ ქალთა საზოგადოებაში" ფიქრობენ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საზოგადოებისა და პოლიციის მხრიდან, დროული რეაგირებაა საჭირო.