ნათესები წვიმის იმედად - რწყვის სეზონი და პრობლემები ახალციხეში
08.07.2024
ახალციხის სოფლების ნაწილში სარწყავი წყალი ათობით წელია არ აქვთ. ფერმერები მიწას გაზაფხულზე წვიმის იმედად ამუშავებენ. თუ ივლისის ცხელ დღეებში სოფელში უხვი ნალექი არ მოვა, ადგილობრივები მოსავალს ვერ მიიღებენ. ურწყავ სოფლებში ფერმერები იძულებული არიან, კარტოფილსა და ლობიოზე უარი თქვან და მარცვლეული კულტურები დათესონ, რომელსაც მორწყვა არ სჭირდება. ახალციხის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის ნაწილზე მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ - წყალმომარაგება და წყალარინება ზრუნავს. მისი წლიური ბიუჯეტი მილიონ 175 ათასი ლარია, აქედან 775 ათასი ლარი უნდა მოხმარდეს ახალციხის სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის სისტემების და ხელოვნური ტბის მოვლა-შენახვა-რეაბილიტაციას. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ თვითმმართელობას 10 სატუმბი სადგური ექვემდებარება. ქალაქ ვალეს ორი, სოფლების - ნაოხრების, საყუნეთის, წყორძის, აწყურის, წნისის და მინაძე/ჭაჭარაქის, ასევე სოფელ სხვილისის „ფარეხას“ და „ბორბალოს“ სატუმბი სადგურები. მერია, რამდენიმე სატუმბის რეაბილიტაციისთვის, წელს მილიონ 700 ათას ლარამდე ხარჯავს.