საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. ინფიცირებული ადამიანები მკურნალობის პროცესს, კლინიკებში, კოვიდ სასტუმროებსა და სახლებში გადიან. გაზრდილი უმუშევრობისა და გაძვირებული ცხოვრების ფონზე, პაციენტების იმ კატეგორიას, ვისაც სახლში ყოფნის რეკომენდაცია აქვს, მკურნალობა საკუთარი სახსრებით უწევს.
ახალციხელი მაია შაინიძე ერთ-ერთია იმ კოვიდინფიცირებული პაციენტებიდან, რომელიც მკურნალობას სახლის პირობებში გადის. მასთან ერთად კოვიდ 19-თან გამკლავებას ოჯახის სამი წევრიც ცდილობს. მაია შაინიძე ირწმუნება, რომ ბინაზე მკურნალობა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მით უფრო მაშინ, როდესაც ოჯახში ყველა ინფიცირებულია. ამბობს, რომ რთულია ადამიანი ბინაზე მკურნალობის ხარჯებს გაუმკლავდეს, როდესაც საკმარისი შემოსავალი არ აქვს.
„ინფლაციის ფონი და ეკონომიკური სიდუხჭირე, რომელიც ამჟამად ქვეყანაშია პირდაპირ ურტყამს ოჯახის ბიუჯეტს“ - ამბობს ინფიცირებული.
მისივე თქმით, კოვიდპაციენტები მკურნალობის პერიოდში ძვირადღირებულ მედიკამენტებს, გამოკვლევების ჩატარებასა და სპეციალურ კვებას საჭიროებენ. მაია შაინიძის აზრით, სახელმწიფო ბინაზე მყოფ პაციენტებსაც უნდა დაეხმაროს.
„პირდაპირ დამოკიდებული ხარ ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, ამიტომ ერთი ჩვეულებრივი ოჯახისთვის მარტივი არ არის იმ სახსრების მოძიება, რომელიც საჭიროა მკურნალობისთვის“ - ამბობს მაია შაინიძე.
ინფიცირებულის თქმით, COVID-19-თან გამკლავება განსაკუთრებით მოხუცებს უჭირთ, რადგან მათი იმუნიტეტი დაქვეითებულია.
კორონავირუსი დაუდასტურდა და ბინაზე მკურნალობს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელიც. ცირა მესხიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ამ პროცესს თან ახლავს. აქ კი მთავარი პრობლემა ის ხარჯებია, რომელთა გაწევაც ბინაზე მკურნალობის დროს კოვიდინფიცირებულებს უწევთ.
„ათი დღის სამყოფ ხველების წამალში 45 ლარი გადავიხადე, არიან ოჯახები, რომლისთვის ეს 45 ლარი მთელი თვის შემოსავალია“ - ამბობს ცირა მესხიშვილი. მისი თქმით, პაციენტს კვება და აუცილებელი მედიკამენტების შეძენა ძვირი უჯდება. შესაბამისად, იმ ფონზე, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი პანდემიის გამო შემოსავლების გარეშეა დარჩენილი, კოვიდ 19-თან გამკლავება განსაკუთრებით რთულია. „იმ დღეს გადაცემას ვუყურე თემაზე თუ რომელი პროდუქტები ებრძვის კორონავირუსს, ეგ პროდუქტები რომ მიიღო, ხელფასი მინიმუმ ათასი ლარი უნდა გქონდეს“ ცირა მესხიშვილი მოსახლეობას სიფრთხილისა და რეგულაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს. მისი აზრით, COVID-19-ის დამარცხება მხოლოდ ასეა შესაძლებელი.
კორონავირუსს სახლის პირობებში უმკლავდება ახალციხელი ელენე დალალიშვილიც. „მე თვითონ მოვითხოვე სახლში მკურნალობა, რადგან ვერ ვეგუები ახალ გარემოს“-ამბობს ინფიცირებული. სიმპტომები გართულებული არ აქვს, შესაბამისად ბინაზე მკურნალობა სწორად მიაჩნია, რადგან ფიქრობს, რომ ამით კლინიკაში ადგილს მძიმე პაციენტებს უთმობს. კოვიდინფიცირებულის თქმით, მისი მსგავსი პაციენტებისთვის მკურნალობა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, რადგან დაავადება შედარებით მსუბუქ ფორმებში აქვს და გართულებებიც არ მოჰყოლია.
„დამიკავშირდა ექიმი და დამინიშნა მკურნალობა, მაგრამ რაიმე სპეციალური არა. ძალიან ელემენტარულ მკურნალობას გავდივარ და ვიღებ ყელის ტკივილის ან სიცხის დამწევ წამლებს“ – ამბობს ელენე დალალიშვილი. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი რამ, რაც ყველა კოვიდინფიცირებულმა უნდა გააკეთოს, ბევრი სითხის მიღება და ვარჯიშია. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ბინაზე ის კოვიდინფიცირებულები რჩებიან, რომელთა მდგომარეობაც საშუალო სიმძიმით ფასდება. ამ კატეგორიის პაციენტების მართვაში, ძირითადად ოჯახის ექიმები არიან ჩართულნი. მედიკოსები ინფიცირებულების დახმარებას სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციებით ცდილობენ.
COVID 19-თან ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული ოჯახის ექიმი გულიკო თათეშვილი. მედიკოსი პაციენტებს ტემპერატურის მართვასა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ ექიმების მიერ გაცემული რეკომენდაციები მოსახლეობამ მაქსიმალურად უნდა შეასრულოს.
„ექიმის რეკომენდაციის გარეშე, არ არის მიზანშეწონილი მედიკამენტების მიღება“ - ამბობს ოჯახის ექიმი.
პანდემიის პირველი ტალღის პერიოდში, საქართველოში ყველა ინფიცირებული კლინიკაში მკურნალობდა, მათ ხარჯებს კი სახელმწიფო ფარავდა. მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა მეორე ტალღის დაწყების შემდეგ. ინფიცირების რეკორდულად გაზრდილი რაოდენობის გამო, კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში ადგილები შეზღუდულია. შესაბამისად, ინფიცირებულები მსუბუქი სიმპტომებით, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლებში რჩებიან.
დღეისათვის სამცხე-ჯავახეთში ბინაზე 1100-მდე კოვიდპაციენტი მკურნალობს. გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.