არჩევნები
აბასთუმანში ცხრა კანდიდატიდან ადგილობრივი მხოლოდ ერთია

 

შუალედურ არჩევნებზე პარტიების მიერ წარდგენილ ცხრა კანდიდატიდან, ადგილობრივი მოსახლეობა მხოლოდ ერთს იცნობს.

 

დანარჩენის სახელი და გვარი ამომრჩევლისთვის უცნობია. ადიგენის #38 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი, "ქართული ოცნების" კანდიდატია რეგისტრირებული.

რვა კანდიდატთან დაკავშირება ვერ შევძელით. მათი საკონტაქტო ინფორმაცია არსად იძებნება. დაკავშირება მათ წარმდგენ პოლიტიკურ პარტიებთან ვცადეთ, ზოგიერთმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ნაწილმა კი გვითხრა, რომ თავად დაგვიკავშირდებოდნენ. გასაუბრება მხოლოდ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარესთან შევძელით.

„არ იცნობს მოსახლეობა? ხოდა ეგ არის ჩვენი ამოცანა, რომ გავაცნოთ. გამარჯვებას ვაპირებთ, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩავერთვებით. რამდენადაც ვიცი, ჩვენი კანდიდატი ჩასული იყო აბასთუმანში“, - გვითხრა ბაჩუკი ქარდავამ, რომელმაც აბასთუმანში დავით ბახტაძე დაარეგისტრირა. 

„ის, რომ კანდიდატი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცნობადი არ არის, მისი პრობლემაა. ეს დეტალი კანდიდატის წარდგენისას თითოეულმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს. ეს შეიძლება მიუთითებდეს ფორმალობაზე, მაგრამ ამაზე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის და კენჭისყრის დღის შეფასების შემდეგ გავაკეთოთ კომენტარი. რამდენად კონკურენტული გარემოა, ეს გამოჩნდება წინასაარჩევნო კამპანიის აქტიურობიდან გამომდინარე“, - ამბობს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებია:

  • „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - გიორგი კოღუაშვილი;
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” - ზურაბ ხუციშვილი;
  • „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” - მედეა სოლოდკო;
  • „ახალი ქრისტიან-დემოკრატები” - ანიკო ბუცხრიკიძე;
  • „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო” - დავით ალხანაშვილი;
  • „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” - ცისანა მელიქიძე;
  • „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია (ედპ)” - დავით ბახტაძე;
  • „ქრისტიან-კონსერვატორები” - გრიგორი დარსანია;
  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - გენადი ბოლქვაძე.

ამომრჩევლისთვის არც ამ კანდიდატების წარდგენა მომხდარა. აბასთუმნელებს მაჟორიტარობის მსურველი გენად ბოლქვაძე, მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ გააცნო.
| Print |