არჩევნები
აბასთუმანში ცხრა კანდიდატიდან მხოლოდ ერთს იცნობენ (ვიდეო)

 

საკრებულოს შუალედურ არჩევნებამდე 11 დღე რჩება. დაბა აბასთუმანში ადგილობრივებმა მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. #2 უბანზე 1 077 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საკრებულოში მოსახვედრად ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან ადგილობრივი მხოლოდ ერთი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. აბასთუმნელების დიდმა ნაწილმა მათ შესახებ არაფერი იცის, ამიტომ მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობს.

"მეცხრე არხი" რვავე კანდიდატთან დაკავშირებას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. დაპირების მიუხედავად, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ შეგვხმიანებია. 

დასახლებაში მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატის სააგიტაციო მასალაა გაკრული. საარჩევნო შტაბიც მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს გახსნილი.

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ადგილობრივი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შემდეგ, აბასთუმანში გამარჯვების შანსი არ აქვთ.

კანდიდატები წარადგინეს პარტიებმა - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”, „ქრისტიან-კონსერვატორები”, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” და „ქართული ოცნება“.

აბასთუმანში ამბობენ, რომ პარტიების კანდიდატები დასახლებაში არ უნახავთ და არც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულან. პოლიტიკური პარტიებიდან "მეცხრე არხმა" დაკავშირება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ)“ თავმჯდომარესთან შეძლო. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ მათი კანდიდატი გაიმარჯვებს. 

19 მაისს სამცხე-ჯავახეთში არჩევნები მხოლოდ აბასთუმნის #2 უბანზე გაიმართება. ადგილობრივები საკრებულოს წევრს აირჩევენ. ტარიელ ენდელაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა, 2018 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 


| Print |