არჩევნები
აბასთუმნის არჩევნებში ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობს
საკრებულოში მოსახვედრად ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში ცხრა კანდიდატი დარეგისტრირდა. აქედან ადგილობრივი მხოლოდ ერთი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.

დასახლებაში მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატის სააგიტაციო მასალაა გაკრული. საარჩევნო შტაბიც მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს გახსნილი.

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ადგილობრივი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შემდეგ, აბასთუმანში გამარჯვების შანსი არ აქვთ.

კანდიდატები წარადგინეს პარტიებმა - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო”, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები”, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”, „ქრისტიან-კონსერვატორები”, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა” და „ქართული ოცნება“.

აბასთუმანში ამბობენ, რომ პარტიების კანდიდატები დასახლებაში არ უნახავთ და არც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულან. პოლიტიკური პარტიებიდან "მეცხრე არხმა" დაკავშირება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ)“ თავმჯდომარესთან შეძლო. ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ მათი კანდიდატი გაიმარჯვებს.

19 მაისს სამცხე-ჯავახეთში არჩევნები მხოლოდ აბასთუმნის #2 უბანზე იმართება. ადგილობრივები საკრებულოს წევრს აირჩევენ. ტარიელ ენდელაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვა, 2018 წელს ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კიდევ ერთი შუალედური არჩევნები გაიმართება ადიგენის ოლქში. 2019 წლის ოქტომბერში სოფელ არალის მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
| Print |