არჩევნები
ცესკო ამომრჩეველთა პირადი მონაცემების ჰაკერულ საიტზე განთავსებაზე განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს ამომრჩევლების მონაცემების ჰაკერულ საიტზე განთავსების შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც ცესკო განმარტავს, გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც ცხადია არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ; ამასთან, ცესკოს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვენებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ცესკოში კიბერ ინციდენტი არ გამოვლენილა და ამასთან, გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს
", - წერია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში ცესკომ სწორედ დღეს მიიღო 1 489 611.86 აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარების ფარგლებში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელდება და რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიური და კიბერ უსაფრთხოების მხარდაჭერას.
| Print |