არჩევნები
ვინ არიან სამცხისა და ჯავახეთის კანდიდატები ქართული ოცნებიდან?
ახალციხე, ასპინძა, ადიგენი და ბორჯომის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილია. იგი პოლიტიკაში ბიზნესიდან მიდის. 1974 წლის 1-ელ მარტს ადიგენში დაბადებული ანტონ ობოლაშვილი შპს ,,გლობალფარმის“ 100%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია. კომპანია 2004 წლის 29 სექტემბერს არის დარეგისტრირებული და მას მერე, მმართველი პარტიის კანდიდატი, ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს.

სტატიაში, რომელიც reportiori.ge 2014 წელს გამოქვეყნდა, ანტონ ობოლაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ურთიერთობაზე წერია. „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზურა ქადაგიძის თქმით, ნუსხაში ის ბიზნესებია მოხვედრილი, რომელიც მისივე თქმით, გარკვეულ პირებს ზეწოლის შედეგად ჩამოერთვათ. აღნიშნული ნუსხა ასე გამოიყურება: „შპს „გლობალფარმი“ - დაფუძნების დღიდან (2005 წელი) ჯამური ერთობლივი შემოსავალი 197 809 269 ლარი, კომპანიის დირექტორი - ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი ანტონ ობოლაშვილი;

შპს „მესხეთი 2004“ - დაფუძნებულია 2005 წელს, შემოსავალი - 41 79 152 ლარი, ეკუთვნის ვანო მერაბიშვილის ახლო ნათესავსა და მეგობარს ანტონ ობოლაშვილს.

სოფელ უდის მკვიდრმა ანტონ ობოლაშვილმა სკოლა ახალციხეში დაამთავრა. ისევე როგორც, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სამცხეში ვანო მერაბიშვილმა.

ანტონ ობოლაშვილის მიერ, ამ დრომდე, მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება ოფიციალური შემოწირულობა რომელიმე პარტიის მისამართით.

ამ დროისათვის სამცხის დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად მმართველი პარტიიდან ანტონ ობოლაშვილი, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციიდან ვანო მერაბიშვილი იბრძოლებს. საკუთარ კანდიდატს წარადგენს პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის".

2019 წელს, უდეში, ანთიმოზობის დღესასწაულზე ანტონ ობოლაშვილი ადიგენის საპატიო მოქალაქედ დასახელდა. მედალი ადიგენის მერმა, ზაქარია ენდელაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა. მერის თქმით, ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილი სოფელ უდეში ქველმოქმედებით გამოირჩევა. ადიგენის მუნიციპალიტეტში საპატიო მოქალაქეები 2019 წელს პირველად გამოავლინეს.


რაც შეეხება სამველ მანუკიანს, ქართულმა ოცნებამ ის ენზელ მკოიანის ნაცვლად, ახალქალაქსა და ნინოწმინდის ოლქში წარადგინა. მმართველი პარტიის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ოცნების სიით მოხვდა.

სამველ მანუკიანი დაიბადა 1976 წლის 6 ნოემბერს, დაამთავრა ერევნის ეკონომიკური უნივერსიტეტი სამოქალაქო შრომის სამართლის სპეციალობით. 1997-2008 წლებში ის ფლობდა ინდმეწარმის სტატუსს ( „სამველ მანუკიანი“). 2009-2016 წლებში კი იგი იკავებდა შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორის თანამდებობას. 2016 წლის 18 ნოემბრიდან არის საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით. 2016-2017 წლებში იგი იყო პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება“-ს წევრი. 2017 წლიდან იგი არის პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“-ს და პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნებისთვის შეწირული აქვს 45 ათასი ლარი. ჯავახეთში ფიქრობენ, რომ სამველ მანუკიანი, ქართული ოცნების პარტიულ სიაში 4 წლის წინ ენზელ მკოიანის რეკომენდაციით მოხვდა. ამის დასტურად იხსენებენ იმ ფაქტს,რომ მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში იგი ენზელ მკოიანის გვერდით იყო და საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც ერთად მუშაობდნენ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იბრძოლებს სამველ მანუკიანთან ერთად ჯავახეთის დეპუტატის სტატუსის მოსაპოვებლად, ჯერ უცნობია.

| Print |