არჩევნები
მესამე სექტორი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესების გამარტივებას ითხოვს
როგორ ჩამოვლენ არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები - კონკრეტული პროტოკოლი, ამ ეტაპზე, არ არსებობს.

თუ დამკვირვებლებს ქვეყანაში გამარტივებული წესითა და სავალდებულო კარანტინის გარეშე არ შემოუშვებენ, მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ დამკვირვებლებმა, შესაძლოა, თვითონ თქვან უარი ჩამოსვლაზე, რაც ხელოვნური ბარიერი იქნება.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" იურისტი ნინო რიჟამაძე ,,რუსთავი2"-თან აცხადებს, რომ დამკვირვებლების რაოდენობასთან დაკავშირებით სახელმწიფომ შეზღუდვები არ უნდა დააწესოს და ეს საკითხი თავად ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს.

"კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების და სადამკვირვებლო მისიების მიერ სრულყოფილი დაკვირვება საარჩევნო პროცესებზე იმისთვის, რომ შეფასდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ამ კუთხით რაიმე ლიმიტი, შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოსგან გაუგებარი იქნებოდა და თავად დამკვირვებლების რაოდენობა უნდა განსაზღვროს იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც აკვირდება. უნდა არსებობდეს უსაფრთხოების პროტოკოლი და გარანტიები, რაც შეიძლება გულისხმობდეს სწრაფი ტესტების ჩატარებას,"-განაცხადა ნინო რიჟამაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სექტორი 3"-ის თავმჯდომარის, ქეთევან ჩაჩავას განცხადებით ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები მზად არიან პროტოკოლის შემუშავების პროცესში ჩაერთონ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრირება არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ დაიწყება. მისივე განმარტებით, სპეციალური ჯგუფია შექმნილი შესაბამისი პროტოკოლის შესამუშავებლად, რაშიც ცენტრალური საარჩევნო კომისიაც არის ჩართული.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მოწვევა უკვე მიიღეს. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, დაახლოებით, 40 ქვეყნის წარმომადგენელი დააკვირდება.
| Print |