არჩევნები
კანდიდატების წარდგენის ვადა 31 აგვისტოს იწურება
პოლიტიკური პარტიების მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა ხვალ, 31 აგვისტოს იწურება. სწორედ ხვალ გახდება ცნობილი სამცხისა და ჯავახეთის ოლქში, რამდენი კანდიდატი იბრძოლებს საპარლამენტო მანდატისთვის. 30 აგვისტოს მონაცემებით, კი სამცხეში 6, ხოლო ჯავახეთში 3 კანდიდატის ვინაობაა ცნობილი. 

როგორც მეცხრე არხს დღეს, ,,ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი მორდეხაშვილმა განუცხადა, პოლიტიკური მოძრაობა რეგიონის ორივე ოლქში წარადგენს კანდიდატს. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა რეგისტრაცია, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ამით პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა 68 პოლიტიკურმა პარტიამ, ხოლო კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ოთხმა პარტიამ. მათგან 13 პარტიას ეთქვა უარი რეგისტრაციაზე.

კანონმდებლობის შესაბამისად, კიდევ გარკვეულ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, საარჩევნო რეგისტრაციისთვის მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს, არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი 2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად ხორციელდება.
| Print |