არჩევნები
გოდერძი კუბლაშვილი სარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაზე განცხადებას ავრცელებს
„თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი #17 სამცხის ოლქში ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელი შეუშალა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გოდერძი კუბლაშვილმა ამის შესახებ მედია-ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ადიგენის სოფელ ბოლაჯურში ამომრჩეველთან შეხვედრისას, ერთ-ერთი ადიგენელი მამაკაცი, გვარად ხარშილაძე დაუპირისპირდა.

მაჟორიტარმა კანდიდატმა მომხდარის გამო სამართალდამცველებს მიმართა. კუბლაშვილის თქმით, ინცინდენტის ამსახველი კადრები მაღაზიის ვიდეოთვალს აქვს დაფიქსირებული. უკვე გამოიკითხნენ თვითმხილველები.

საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

გოდერძი კუბლაშვილმა მოქალაქის დაჯარიმების მოთხოვნით ადიგენის მერიას დღეს, 20 ოქტომბერს მიმართა. საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა შეადგინოს. დაიწყეს თუ არა საკითხის შესწავლა - მუნიციპალიტეტის პირველი პირი „მეცხრე არხის“ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ამ დრომდე ველით პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომელი მუხლით დაიწყო და რა ეტაპზეა გამოძიება.


| Print |