არჩევნები
ცესკოს მონაცემებით, ჯავახეთის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ჯავახეთის ოლქში "ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გაიმარჯვა. სამველ მანუკიანმა ამომრჩეველთა 16 072 ხმა მიიღო, რაც პროცენტულად 63.13% შეადგენს.

ამ დროისათვის ახალქალაქი–ნინოწინდის საარჩევნო ოლქში მდებარე 109 უბნიდან ცესკოს ვებ–გვერდზე ასახულია 94 უბნის მონაცემები.

ამავე მონაცემების თანახმად, დამოუკიდებელ კანდიდატს ენზელ მკოიანს მხარი 4 693–მა (18.44%) ამომრჩეველმა დაუჭირა.

ამომრჩეველთა ხმების 9.69% (2 467 ხმა) მიიღო "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არსენ კარაპეტიანმა.

ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით შემდეგ ადგილზეა მელიქ რაისიანი – "გაერთიანებული ოპოზიცია – ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა 1 105 ხმით (4.34%).

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატმა არტაშეს ჰაკობიანმა ამომრჩეველთა ხმების 3.58% (912 ხმა) მიიღო.

ხოლო "ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანის" კანდიდატმა დიანა არუთუნიანმა – 0.37% (94 ხმა)

"შეცვალე საქართველოს" კანდიდატს ელზა გრიგორიანს მხარი 33–მა (0.13%) ამომრჩეველმა დაუჭირა.

"საქართველოს" კანდიდატმა მიხეილ შიოშვილმა კი ამორჩეველთა 28 ხმა (0.11%) მიიღო.
| Print |