არჩევნები
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები განიხილეს
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში სამი საჩივარი განიხილეს. საჩივარი შეეხებოდა 33–ე უბანზე შემაჯამებელ ოქმში შეტანილ შესწორებას, მე–4 უბანზე მაჟორიტარული და პროპორციული სიის ოქმებში არსებულ დისბალანსს და 32–ე უბნის შემაჯამებელ ოქმზე თავჯდომარის მოადგილის ხელმოწერის გამორჩენას. თითოეულ უბანზე დაწერილი ახსნა–განმარტების მიხედვით, ოქმებში არსებული დარღვევები მექანიკური და სიჩქარეში დაშვებული შეცდომებია.

33–ე უბანზე პროპორციული სიით N34–ის გასწვრივ ეწერა რიცხვი 34, ხოლო შემდეგ რიცხვი 3 ჩასწორებული იყო და ეწერა X. საჩივრის წარმდგენი ნანა ყავრელიშვილი "სამართლიანი არჩევნებიდან", სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას ითხოვდა. კომისიის მდივნის მიერ დაწერილი ახსნა–განმარტების მიხედვით, მას მექანიკური შეცდომა მოუვიდა.

მე-4 უბანზე, რეგისტრატორმა პროპორციული სიის ორი ბიულეტენი ამომრჩეველს შეცდომით გაატანა. ამავე უბნის კომისიის წევრებმა აღნიშნული დარღვევა, რეგისტრატორის გამოუცდელობასა და სიჩქარეს დააბრალეს.

რაც შეეხება 34–ე უბანს, აქ შემაჯამებელ ოქმზე თავმჯდომარის მოადგილის ხელმოწერა აკლდა, რაც გადაღლილობით ახსნეს.

კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, სამიდან ერთი – 33–ე უბნის შემაჯამებელ ოქმზე დაწერილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენი ორი – კომისიის წევრებმა არ დააკაყოფილეს. თითოულ უბანზე დაფიქსირებული შეცდომის ადრესატს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

სამივე დარღვევაზე საჩივარი "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა ნანა ყავრელიშვილმა და ქეთევან ბალახაშვილმა დაწერეს.

| Print |