არჩევნები
იყო თუ არა 31 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულობის მაგალითი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ცესკოს მონაცემებით, ხმათა უმრავლესობა ,,ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა. მმართველი პარტიის განცხადებით, ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ქართველმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა, რასაც ოპოზიციური პარტიები არ ეთანხმებიან.
იყო თუ არა 31 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიულობის მაგალითი - ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ კენჭისყრის პროცედურები წესების სრული დაცვით ჩატარდა და ამომრჩეველმა საკუთარი ნება დამოუკიდებლად დააფიქსირა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა და მოქალაქეების ნებაზე სხვებმა იქონიეს გავლენა. 
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე საუბრობს, დარღვევები მაინც დაფიქსირდა. ახალციხის №2 საარჩევნო უბანზე მობილიზებულები იყვნენ აგიტატორები, რომლებიც სიებში არჩევნებზე მისულ მოქალაქეებს აღრიცხავდნენ.

მსგავსი ვითარება იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების 26-ე უბნის მიმდებარედ. აგიტატორთა ჯგუფი აქაც სიებით ხელში დილიდან იყვნენ მობილიზებულნი და საარჩევნო უბანზე მისულ მოქალაქეებს აღრიცხავდნენ. აღნიშნეს, რომ აგიტატორები იყვნენ, თუმცა რომელი პარტიის დაკვეთას ასრულებდნენ არ დააკონკრეტეს.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც ოპოზიციამ გააპროტესტა მმართველი პარტიის ინიციალები იყო. ახალციხის სოფელ სხვილისის ორ საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" ინიციალები დაწერეს. წარწერა 31 ოქტომბერს #21 და #34 უბანზე მისულ ამომრჩეველს დახვდა. "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენლებმა ეს ფაქტი კანონდარღვევად მიიჩნიეს და საჩივარიც დაწერეს.

31 ოქტომბერს სააგიტაციო წარწერები და ინიციალები გამოჩნდა N1 ასპინძის საარჩევნო უბანთანაც. "ქ. ო." ინიციალის ავტორი უცნობია. საარჩევნო კოდექსის თანახმად, სააგიტაციო მასალის უბნიდან 25 მეტრამდე განთავსება აკრძალულია, მაშინ როცა ოპოზიციამ აღნიშნა, რომ ინიცილები საარჩევნო უბნიდან 22 მეტრის დაშორებით იყო განთავსებული.

დარღვევებს შორის აღსანიშნავია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეგულაციების უგულვებელყოფაც. სოციალური დისტანციის დარღვევის ფაქტი თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა. მათ შორის #3 არლის საარჩევნო უბანზე. დისტანცია არ იყო დაცული კენჭისყრის ოთახსა და უბნის შესასვლელში. რეგულაციის მიხედვით კი ამომრჩეველმა სულ მცირე ორმეტრიანი მანძილი უნდა დაიცვას.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა ახალციხის №30-ე საარჩევნო უბანზეც, სადაც კომისიის წევრების ნაწილს პირბადე მოხსნილი ჰქონდა. ისინი კენჭისყრის ოთახში მოვალეობას სამედიცინო ნიღბის გარეშე ასრულებდნენ. ჯანდაცვის სამინისტრო კი გვაფრთხილებს, რომ პირბადე სრულიად უნდა ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს.

საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" პროპორციული სიით ამომრჩეველთა 48.23% მიიღო. შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიები და საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებენ. ამის მიზეზად, გაყალბების, დარღვევისა და მოქალაქეებზე მუქარის ფაქტები მოჰყავთ.
ოპოზიცია ამომრჩევლთა ხმების დაცვას საპროტესტო გამოსვლებით ცდილობს. "ქართული ოცნება" კი მოსახლეობას მოუწოდებს, პროვოკაციას არ აჰყვნენ.
| Print |