არჩევნები
„საჩივრების წერას, ყარაბაღში რატომ არ მიდიხარ საბრძოლველადო" - ახალქალაქის საოლქოს თავმჯდომარემ დამკვირვებელი გალანძღა
„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანმა მათ დამკვირვებელს დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“სრულიად არაადეკვატური და სამარცხვინოა ახალქალაქის საოლქო კომისიის თავმჯდომარე. სასამართლო პროცესის შემდეგ "სამართლიანი არჩვნების" დამკვირვებელს ტელეფონზე დაურეკა, გალანძღა, "უსაქმური" ხარ და ამის წერას "ყარაბაღში რატომ არ მიდიხარ საბრძოლველადო". ამ ადამიანის აგრესიული და არაადეკვატური საქციელი ახალი ამბავი არაა, ადრეც არაერთხელ გვსმენია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აგრძელებს მუშაობას საოლქო კომისიაში. ამჯერად გადააჭარბა მემგონი ყველაფერს. დამკვირვებელზე ზეწოლას ახდენს, თან უკანონო ქმედებისკენ მოუწოდებს. საინტერესოა, რა სტანდარტებში და ეთიკის ნორმებში ჯდება ეს საქციელი. ასეთი ადამიანები, რომ ატარებენ არჩევნებს, ამიტომ არის ამდენი პრობლემები და კითხვის ნიშნები”, - წერს ელენე ნიჟარაძე.

დამკვირვებლების მიმართ ასეთი დამიკიდებულება აღმაშფოთებელია სამოქალაქო სექტორისთვის. „სამართლიანი არჩევნების“ გორის ოფისის ხელმძღვანელი ნინო ბიბილეიშვილი ამბობს, რომ საოლქოს თავმჯდომარე, მათ მიერ, სასამართლოში შეტანილმა სარჩელმა გააღიზიანა.

„ახალქალაქის ერთ უბანზე ბიულეტენი მეტობით იყო, საჩივარი ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დავწერეთ, გადათვლას ვითხოვდით. არ დაგვიკმაყოფილეს და სასამართლოში შევიტანეთ, ეს არ მოეწონა ოლქის თავმჯდომარეს. პროცესის შემდეგ დაურეკა ჩვენს ნინოწმინდელ კოორდინატორ ტიგრან თარზიანს და ფაქტობრივად, უსაქმური უწოდა“.

ჰასმიკ მარანგოზიანს ტელეფონით დავუკავშირდით, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ დღეს დასვენების დღე აქვს და ვერ დაგველაპარაკება.

„დღეს კვირაა, მე ვისვენებ, კარგად იყავით“, - გვითხრა და ტელეფონი გაგვითიშა. 
| Print |