არჩევნები
ე.წ დისბალანსი საერთო ჯამში 943 საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა – ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისია ინფორმაციას აქვეყნებს საუბნო შემაჯამებელ ოქმებში ე.წ. დისბალანსის შესახებ. როგორც ცესკო აღნიშნავს, ე.წ დისბალანსი, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში (14 ნოემბრის მდგომარეობით) საერთო ჯამში აღმოჩნდა 943 საუბნო საარჩევნო კომისიაში (უმეტეს შემთხვევაში ეს იყო გამოწვეული ბიულეტენების ნაკლებობით და ცალკეულ შემთხვევებში ბიულეტენების მეტობით). სულ საპარლამენტო არჩევნებში გახსნილი იყო 3847 საარჩევნო უბანი.

ცესკო-ს ინფორმაცით, გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი, სცდება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას 19 საუბნო საარჩევნო კომისიაში, თუმცა ეს მეტობა არის არაუმეტეს 5 ან ნაკლები ბიულეტენის შემთხვევაში. ხოლო გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი 10 და მეტი ბიულეტენის შემთხვევაში ნაკლებია ვიდრე არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა 67 საუბნო საარჩევნო კომისიაში; გაბათილებული ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი ნაკლები იყო არჩევნებში მონაწილე ამორმჩეველთა რაოდენობაზე 857 საარჩევნო უბანში, 10 ბიულეტენზე ცოტა ბიულეტენების შემთხვევაში, საუბარია ერთი ან ორი ბიულეტენის ნაკლებობაზე.

ცესკო აცხადებს, რომ პროპორციულ ნაწილში, არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით ნაკლები ბიულეტენების რაოდენობამ შეადგინა 3062 (0.15%). მისი მონაცემებით, ეს პროცენტული მაჩვენებელი იგივეა რაც იყო 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისას, მცირედით ნაკლებია 2014 წლის და 2017 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნებთან შედარებით და რადიკალურად განსხვავდება 2008 წლის პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნებისგან.

radiotavisupleba.ge
| Print |