არჩევნები
კოალიციური თუ ერთპარტიული მთავრობა - რა მივიღეთ არჩევნებით
საქართველოს კოალიციური ხელისუფლება არასოდეს ჰყოლია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა, მანამდე კი კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა შექმნა იმის შანსი, რომ ქვეყნის მთავრობის წევრები არა ერთ - დომინანტურ, არამედ არჩევნებში გამარჯვებულ სხვადასხვა პარტიას შეერჩია.

ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და პარლამენტში არ შედის, „ქართულმა ოცნებამ“ კი 150-დან 90 მანდატი მოიპოვა, რაც ზოგიერთი საქმიანობის შესასრულებლად საკმარისი არ არის. პოლიტიკური კრიზისის გასანეიტრალებლად, დიპლომატების დახმარებით, მხარეებს შორის მოლაპარკების მესამე რაუნდი გაიმართება.

„ლეგალურობის თვალსაზრისით საკანონმდებლო პროცესს პრობლემა არ შეექმნება, ლეგიტიმურობის თვალსაზრისით წინასწარ ძალიან ძნელია რაიმეს თქმა. ჩვენ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები, აღიარებს თუ არა ხალხი პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს“, - ამბობს კონსტიტუციოლოგი ვახუშტი მენაბდე.

„ქართული ოცნების“ მიერ აღებული 90 მანდატი საკმარისია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბოს და მუშაობა დაიწყოს, რადგან ამისთვის მინიმუმ, 76 დეპუტატია საჭირო. ამდენივე წევრის თანხმობა სჭირდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. თუმცა, მინიმუმ 100 დეპუტატია (მანდატების 2/3) საჭირო, რომ შემდეგი ცვლილებები განხორციელდეს:

• იმპიჩმენტის წესით საქართველოს პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭიროა მინიმუმ, 100 დეპუტატის თანხმობა;

• ამდენივე დეპუტატის თანხმობაა საჭირო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებული ორგანული კანონის დამტკიცებისთვის;

• კონსტიტუციური კანონის მიღებისთვის საჭიროა 113 დეპუტატის მხარდაჭერა;

• ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის მიღებას სჭირდება პარლამენტის 2/3 (ანუ 100 დეპუტატი).

• დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, საჭიროა რომ წევრთა ნახევარი მაინც ოპოზიციური პარტიებიდან იყოს.

• ახალი რეგლამენტის თანახმად, „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთ ფრაქციას შექმნის, რადგან ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. პარტიებს, რომლებიც პარლამენტში მცირე მანდატებით მოხვდნენ, კანონი ნებას რთავს, ფრაქცია სხვა პარტიის წარმომადგენლების გაერთიანებით შექმნან.

• თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და შესაბამისად, ფრაქციას არ შექმნის, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში, ასევე ეუთოს, ნატოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეებში მათი წარმომადგენლები ვერ მოხვდებიან.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის გარდა, მმართველ პარტიას სხვა პრობლემა არ შეექმნება. ის უბრალოდ ვერ მოაგროვებს იმდენ ხმას, რამდენიც კონსტიტუციის შეცვლისთვისაა საჭირო. დანარჩენი საკითხები, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა აქვს 90 დეპუტატს“, - ამბობს კონსტიტუციოლოგი ვახუშტი მენაბდე. მისი თქმით, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყანას მიეცა შანსი, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ჰყოლოდა, ოპოზიციის ბოიკოტით კი ეს ეჭვქვეშ დადგა.


ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაცია" მუშაობს საკითხზე, რა შეიძლება იყოს შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი. 


მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |