არჩევნები
სამცხე-ჯავახეთში ხშირად ჰქონდა ადგილი ძალადობრივ ინციდენტებს - "ადამიანის უფლებათა ცენტრი"
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" "2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს რეგიონებში" ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში მიმოიხილავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს, ასევე, არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგებს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში.

კვლევის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ხშირად ჰქონდა ადგილი ძალადობრივ ინციდენტებს. სამართალდამცავი ორგანოები, რიგ შემთხვევებში, ადეკვატურად არ რეაგირებდნენ და დამნაშავეებს არ აძლევდნენ პასუხისგებაში.

ამავე ანგარიშის თანახმად, ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის მხრიდან ხულიგნობის ნიშნების შემცველი ქმედება.

„მიუხედავად იმისა, რომ მასმედიით გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა ნათლად მიუთითებდა ენზელ მკოიანის მხრიდან ხულიგნობის ნიშნების შემცველი ქმედების ჩადენას, მის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

არჩევნების დღეს განსაკუთრებით პრობლემური იყო საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მმართველი პარტიის კოორდინატორებისა და აგიტატორების მიერ უბნებზე გამოცხადებული ამომრჩევლების შეჩერება და მათი აღრიცხვა, რაც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედებას წარმოადგენს და ხელს უშლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. მსგავს ქმედებებს ადგილი ჰქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

კენჭისყრის პროცესში არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი დარღვევები. თუმცა, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ბევრი შემთხვევა გამოვლინდა მთელი საქართველოს მასშტაბით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო რაოდენობით შემაჯამებელი ოქმი შესწორდა. ეს კი წარმოაჩენს კომისიის წევრთა კვალიფიკაციისა და გადამზადების კუთხით მნიშვნელოვან პრობლემებს”
, -აღნიშნულია კვლევაში.

| Print |