არჩევნები
ახალციხეში "სტრატეგია აღმაშენებლის" კოორდინატორებს ერთი თვის ხელფასი არ მიუღიათ
საპარლამენტო არჩევნებზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ახალციხის ოფისის კოორდინატორებს ერთი თვის ხელფასი არ გადაუხადეს. თანამშრომლების თქმით, თითოეულს, დაახლოებით 200-300 ლარი ეკუთვნოდა.

თავიდან გვითხრეს, ახალ წლამდე იქნება ბოლო თვის ხელფასიო, მაგრამ ახალმა წელმა ჩაიარა და ჯერ კიდევ ველოდებით. არ ვიცით, როდის იქნება. როდესაც დავრეკეთ თბილისში, გვითხრეს, ადგილობრივთან გაარკვიეთ, ეგ ჩვენ აღარ გვეხებაო“, - ირწმუნება ერთ-ერთი კოორდინატორი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს.

ხელფასს ამ დრომდე ელოდება არუს აკოფიანიც. ის პარტიის ახალციხის ოფისში დამლაგებლად მუშაობდა. ამბობს, რომ არ იცის, ბოლო თვის ანაზღაურება როდის ჩაერიცხება.

ხელფასი არ ამიღია. მარტო მე არა, არავის ჩაერიცხა. მე დამლაგებელი ვარ და 280 ლარი მეკუთვნოდა. ბოლოს გვითხრეს იანვარში ჩაგერიცხებათო. იანვრის ბოლოა, თვე დამთავრდა უკვე. არ ვიცი, ასე მგონია გვატყუებენ“,- ამბობს არუს აკოფიანი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი კობა გორგოძე ირწმუნება, რომ მათ გაწეული შრომის ანაზღაურება ყველა თანამშრომელს გადაუხადეს.

„ჩვენ რომ თანამშრომლებისთვის ხელფასი არ გადაგვეხადა, მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. ვფიქრობ მენეჯერმა, რომელიც ახალციხეში მართავდა შტაბს, თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანა და სხვანაირი მოლოდინები გაუჩინა, ეს საკითხი თვითონ ახალციხის შტაბის მენეჯერთან უნდა გაარკვიოთ“, - აცხადებს კობა გორგოძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალციხის ოფისის მენეჯერი ქეთევან კურტანიძე „მეცხრე არხს“ უდასტურებს, რომ მის თანამშრომლებს ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ.

ჩემი ორი თვის ხელფასი ჩარიცხულია, თუმცა დამლაგებლებსაც კი ჩემი ხელფასიდან გადავუხადე. დამკვირვებლების ხელფასი კი დასარიგებელია. როცა ვრეკავ, მეუბნებიან ჩაირიცხებაო. კორდინატორებს და მე ჩვენი ხალხი გვყავდა მიყვანილი, ჩემს 13 დამკვირვებელზე 960 ლარია გასაცემი“, - ამბობს ქეთევან კურტანიძე.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რეგიონის მენეჯერთან ხელფასები გადარიცხულია. პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე „მეცხრე არხს“ განუმარტავს, რომ ხელფასი მხლოდ იმ დამკვირვებლებს არ ჩაერიცხათ, რომლებმაც დადგენილი კრიტერიუმები არ დააკმაყოფილეს: არ მიიტანეს უბნის შემაჯამებელი ოქმის ასლი ოფისში და არ დარჩნენ საარჩევნო უბანზე პროცესების დასრულებამდე. პაატა მანჯგალაძის თქმით, მათი ხელფასები პარტიის ბიუჯეტში დაბრუნდა.

მგონია, ეს ხელოვნური პროცესია, ერთი ზარი გაეკეთებინათ და დამლაპარაკებოდნენ, მოვაგვარებდი ყველაფერს. იმ ხალხს კი, ვინც არ შეასრულა მოვალეობა, არ გადავუხადეთ ფული. თუ ვინმე არის რეგიონში ისეთი, ვინც მოიტანა დამოწმებული შემაჯამებელი ოქმი, პარტია იღებს ვალდებულებას, რომ გადავუხადოთ თანხა“, - აღნიშნავს პაატა მანჯგალაძე.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალციხის ოფისის მენეჯერი ადასტურებს, რომ დამკვირვებლების ნაწილმა შემაჯამებელი ოქმის ასლი პარტიაში არ მიიტანა. ქეთევან კურტანიძის თქმით, თანამშრომლების ანაზღაურების საკითხს თავადაც არკვევს.

ერთი თვის ხელფასის აღებას ახალციხეში პარტიის 40-მდე თანამშრომელი ელის.
| Print |