არჩევნები
საარჩევნო კოდექსის ცვლილებები და წინასაარჩევნო გარემო ახალციხეში სამოქალაქო სექტორს გააცნეს
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და სამოქალაქო სექტორს გააცნო. შეხვედრას არ ესწრებოდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რაც პოზიტიურად ფასდება, თუმცა რჩება საკითხები, რომლის მოგვარებაც სარჩევნო გარემოს უფრო სამართლიანს გახდის.

კანონპროექტის განხილვისას „სამართლიანმა არჩევნებმა“ სამივე მოსმენის დროს წარადგინა შენიშვნები და რეკომენდაციები

ამის გარდა, ISFED-ის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასების ანგარიში წარადგინეს. სპეციალისტების დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ სოციალურ მედიაში პრობლემად რჩება ანონიმური საარჩევნო კამპანია, რადგან ხშირად არ იციან ვინ დგას ამა თუ იმ პოსტის უკან. გამოწვევად რჩება დასპონსორებული პოსტები, სადაც ასევე გაურკვეველია ვინ აფინანსებს მას. შესაბამისად, პრობლემაა პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობა.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, მკვლევრის თქმით, ინტერნეტში ძირითადად, არმენოფობიური და ნაციონალისტური გზავნილები გვხვდება. ასევე, რეგიონში პოპულარულია „ტელეგრამი“ და „ოდნოკლასნიკი“, ამ გზებით ავრცელებს ესა თუ ის პირი მისთვის მისაღებ ნარატივს.


| Print |