არჩევნები
კობახიძეს ან არ გააჩნია ინფორმაცია, ან მოწყვეტილია რეალობას - მარინე აბულაძე
კობახიძის განცხადება ემსახურება სუს-ის და სადამსჯელო სტრუქტურების მხარდაჭერას - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" პროპორციული სიის პირველი ნომერი მარინე აბულაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ახალციხეში ვიზიტისას განაცხადა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით მოქალაქეების დევნა არ ხდება. ამ განცხადებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა სამსახურიდან გათავისუფლებული მარინე აბულაძე, რომელიც ამბობს, რომ ა(ა)იპ „ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება“ შვილის პოლიტიკური შეხედულების გამო დაატოვებინეს. მარინე აბულაძემ თქვა, რომ კობახიძის განცხადება კიდევ უფრო წაახალისებს პოლიტიკური ნიშნით დევნას.

"როგორც ვიცი, 18 კაცია გამოკითხული და არც ერთი ადასტურებს მუქარას და ზეწოლას. თავის დროზე სხვადასხვა მიზეზის გამო, 200-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა "ქართული ოცნების" რიგები, თუმცა ამით ჩვენ სპეკულირება არ დაგვიწყია, არავისთვის დაგვიბრალებია მუქარა და ზეწოლა, სამწუხაროდ ამას აკეთებს ოპოზიცია, კონკრეტულად გახარიას პარტიაა, რაც არ არის სწორი", - განაცხადა კობახიძემ ახალციხეში.

შეგახსენებთ, რომ მარინე აბულაძე და მისი და თამარ აბულაძე, რომელიც საკრებულოს აპარატის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს. დები ამბობენ, რომ სამსახურიდან წასვლა გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა მოსთხოვა, მათი უარის შემდეგ კი ორივემ გათავისუფლების ბრძანება მიიღო. მათი თქმით, მიზეზი ისაა, რომ მარინე აბულაძის შვილი ლევან თათოშვილი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორია.

| Print |