არჩევნები
სპეცუბანი იზოლირებულებისთვის, ორენოვანი ბიულეტენები სომხური ამომრჩევლისთვის - საარჩევნოდ მზადება დასრულდა
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისამ, ორი ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადება დაასრულა. საარჩევნო უბნების ადმინისტრაციებს ბიულეტენები და კენჭისყრისთვის საჭირო დოკუმენტაცია უკვე გადასცა. რვა უბანს ორენოვანი - ქართულ-სომხური ბიულეტენები, სიები და ინსტრუქცია გადაეცა.

მუნიციპალიტეტში სულ 35 საარჩევნო უბანი და ერთი სპეც უბანია. სპეც უბანზე ორი გადასატანი ყუთით ხმას მისცემს 46 ამომრჩეველი, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან. ისინი ხმას მისცემენ მხოლოდ პროპორციული და მერის ბიულეტენებით.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულია საუბნო საარჩევნო კომისიის მხოლოდ ერთი წევრი.

წინასაარჩევნო პერიოდში, საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი საჩივარი დაიწერა. ორივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხებოდა, თუმცა კომისიამ არ დააკმაყოფილა.

| Print |