არჩევნები
ახალქალაქში, საარჩევნო კომისიის წევრები ალკოჰოლს სვამდნენ და დამკვირვებელს შეურაცხყოფა მიაყენეს - TI
#40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #50 საუბნო კომისიის წევრები კენჭისყრის შენობის გარეთ ალკოჰოლს სვამდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ჩვენმა დამკვირვებელმა კომისიის წევრებს შენიშვნა მისცა. ამის გამო ჩვენი დამკვირვებელი ეზოდან გამოაგდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა. დარღვევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დააფიქსირა.

ორგანიზაციამ დღის განმავლობაში 140-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა, მათ შორის  ხუთი სამცხე-ჯავახეთიდან.

რეგიონის დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი შემთხვევები:

დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლა და ზეწოლა

#40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის #50 საუბნო კომისიის წევრები კენჭისყრის გვერდით ოთახში ალკოჰოლს სვამდნენ და არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ჩვენმა დამკვირვებელმა კომისიის წევრებს შენიშვნა მისცა. ამის გამო ჩვენი დამკვირვებელი ეზოდან გამოაგდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მან პატრული გამოიძახა;

არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნა

#37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #14 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე, გიორგი ბეროშვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველო” სამკერდე ნიშნით იმყოფებოდა. საკრებულოს წევრს ეკრძალება დამკვირვებლად ყოფნა.

კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა

ახალქალაქის მე-40 საოლქო კომისიის #63 უბანთან ამომრჩეველი მობილიზებული იყო 100 მეტრის დისტანციის დარღვევით. მივმართეთ პატრულს ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად.

ახალციხის 37-ე საოლქო კომისიის #27 უბანთან ამომრჩეველი მობილიზებული იყო 100 მეტრის დისტანციის დარღვევით. მივმართეთ პატრულს ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად.

ბევრი საარჩევნო უბნის გარეთ, მათ შორის კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე კვლავ შეინიშნება პარტიული კოორდინატორების თავშეყრა, რაც საარჩევნო კოდექსში შესული ახალი ცვლილებებით, სამართალდარღვევას წარმოადგენს.

სხვა ტიპის დარღვევები

ნინოწმინდის 41-ე საოლქო კომისიის მეხუთე უბნის დერეფანში მობილიზებულია მოქალაქეები. ინფორმაცია გადავეცით შინაგან საქმეთა სამინისტროს.
| Print |