არჩევნები
საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს ხელი ცარიელ ოქმზე მოაწერინეს (ფოტო)
ახალციხეში, #22 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს ხელი იქამდე მოაწერეს, სანამ მასში არჩევნების შედეგებს შეიყვანდნენ. ფოტოს სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი, მარინე სუდაძე ავრცელებს. მისი თქმით, ამის გამო ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართავენ და სოფელ ურაველში ხმების გადათვლას მოითხოვენ.

„შავად რომ დავწერეთ ციფრები, გვითხრეს, რომ ბარემ მოაწერეთ ხელი და მერე შევიყვანთ მონაცემებსო. კომისიის წევრებმაც მოაწერეს ხელი და წავიდნენ სახლში“.

მაკა სუდაძის თქმით, ასაჩივრებენ #27 უბნის შედეგსაც და აქაც ხელახლა გადათვლას ითხოვენ.

#37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ გასაჩივრების ვადები ამოიწურა. მარინე სუდაძის მიერ გავრცელებული ფოტოებისა და წინასწარ ხელმოწერილი ოქმების შესახებ კი არაფერი იცის.
| Print |