არჩევნები
ახალციხის საოლქო კომისიამ საარჩევნო დარღვევებზე შედგენილი განცხადებები არ განიხილა
#37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია ორი განცხადება-საჩივრის განსახილველად შეიკრიბა, თუმცა „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ საკითხებზე არ უმსჯელია. საოლქომ განცხადება განუხილველად დატოვა, მიზეზად კი საჩივრის წარდგენის ვადების ამოწურვა დაასახელა.

ოპოზიციური პარტიის ერთი განცხადება სოფელ წყრუთის #27-ე უბანს ეხებოდა, სადაც საჩივრის ავტორების თქმით, კენჭისყრის დღეს ხმის მიცემის პროცესი დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. არ იყო დაცული ხმის მიცემის ფარულობა. კაბინიდან გამოსული ამომრჩევლები შემოხაზულ ბიულეტენებს კომისიის წევრებს აჩვენებდნენ. ამაზე დამკვირვებლებმა საჩივარიც დაწერეს. გარდა ამისა, ამავე უბნის ტერიტორიაზე, 100 მეტრზე ახლოს იმყოფებოდნენ მმართველი პარტიის აგიტატორები, რაც კანონით აკრძალულია. კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც საჩივარში იყო საუბარი - ცესკოს ვებ-გვერდზე, ამ უბნის ხმის დათვლის ვიდეოჩანაწერები არ არის ატვირთული.

მეორე განცხადება ახალციხის #20 საარჩევნო უბანს ეხებოდა, სადაც საჩივრის ავტორის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები პროცედურული დარღვევებით მიმდინარეობდა. ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობდნენ არაუფლებამოსილი პირები, მათ შორის „ქართული ოცნების“ აგიტატორები.

„ევროპულ საქართველოში“ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გაასაჩივრებენ თუ არა სასამართლოში #37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას.

| Print |