არჩევნები
რა ჯდება 30 ოქტომბრის არჩევნები?
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 11 653 000 ლარი უჯდება.

30 ოქტომბერს გასამართი მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯთაღრიცხვა უკვე გაწერილია. დადგენილებას ხელს კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აწერენ.

შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 7 135 000 ლარი დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე - 3 017 000 ლარია გაწერილი.

ამასთან, უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 11 382 000 ლარი აქვს გამოყოფილი. არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაზე კი - 271 ათასი ლარია გათვალისწინებული.

2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. მეორე ტური კი 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში გაიმართება - ამომრჩევლებს 1830 საარჩევნო უბანი მოემსახურება.
| Print |