არჩევნები
საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
დღეს, 2 აპრილს, ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

„2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს და ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში - 139 989-ს შეადგენს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის 2 საარჩევნო სუბიექტი“,
- განაცხადა ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი" ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო.
| Print |
თეგები: არჩევნები /