არჩევნები
ახალციხის საკრებულოს თანამშრომლები, ბათუმში საარჩევნო უბანთან პროცესს აკვირდებოდნენ
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და თანაშემწე ბათუმში საარჩევნო პროცესს აკვირდებოდნენ. საბა კბილაშვილი და სერგი მუშკუდიანი გონიოს საარჩევნო უბანთან მთელი დღის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულნი. ვიდეომასალას ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვის წარმოადგენს, საბა კბილაშვილი პასუხობს, რომ ეს მისი საქმე არ არის.

"არ გაძლევთ კომენტარს ნაც. პარტიას. რა თქვენი საქმეა მე ვის წარმოვადგენ? მიბრძანდით გენაცვალე, მიხედეთ საქმეს", - ამბობს საბა კბილაშვილი.

ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს მისი თანამშრომლების ბათუმში არჩევნებზე ყოფნის შესახებ, დავით ლომიძე გვპასუხობს, რომ კანონი არ მოითხოვს, რომ შაბათ-კვირას მისმა ქვეშევრდომებმა რაიმე შეუთანხმონ.

"შაბათ-კვირაა და სადაც უნდოდათ იქ წავიდოდნენ, მე რა შუაში ვარ? უფლება აქვთ წავიდნენ. ხომ არაფერს არ აშავებდნენ? რომ ჩამოვლენ დაველაპარაკები და უკეთესად აგიხსნით. სამუშაო დრო რომ ყოფილიყო და შაბათ-კვირა არ ყოფილიყო, ჩამაყენებდნენ საქმის კურსში, მაგრამ შაბათ-კვირას მეც არ ვეკითხები. სადაც უნდათ წავიდნენ" - ამბობს დავით ლომიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 აპრილს, ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრი აირჩიეს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი ხმა მისცეს №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.

რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა. რაც შეეხება №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, "ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი" ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. ფუტკარაძე საკრებულოს წევრი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან იყო.
| Print |