არჩევნები
"მარშუტკით მოვედით, ალბათ მთავრობამ გამოყო ტრანსპორტი" - ამომრჩეველი

N17 საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩევლებმა წელს პირველად ხმა ელექტრონული ფორმატით მისცეს. უმეტესობა მათგანი ამბობს, რომ ხმის მიცემა ტრადიციულ მეთოდთან შედარებით გაცილებით მარტივია და პროცედურა არ გასჭირვებიათ.

დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობას მინაძის თემის სამი სოფელი: მინაძე, ჭაჭარაქი და ღრელი იღებს. დილიდან საარჩევნო უბანზე სოფელი ღრელის მოსახლეობა ჭარბობს.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი თანასოფლელის მხარდასაჭერად "მარშუტკით" მოვიდნენ და დეპუტატობის კანდიდატისგან სოფლის ძირითადი პრობლემის, სასმელი და სარწყავი წყლის მოგვარებას ელოდებიან.

ახალციხის საკრებულოში არჩევნები, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ზაალ ბერიძის გარდაცვალების გამო ტარდება. იგი მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში ზაალ ბერიძე 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.

რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ტარდება. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერებს, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

მოსახლეობამ საკრებულოს მაჟორიტარებიც უნდა აირჩიოს გურჯაანში, თიანეთში, ახალციხეში, ტყიბულსა და ქუთაისში. ქვეყნის მასშტაბით სულ 165 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან ამომრჩევლის 91 პროცენტი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცეს ხმას.

| Print |