ასპინძის სოფლებში მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებში მიდიან და ემუქრებიან, რომ დაკარგავენ 300-ლარიან სამსახურს, თუ რომელიმე მათგანი ხმას არ მისცემს მმართველ პარტიას, - წინასაარჩევნო სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ რეგიონულმა ლიდერმა ახალციხეში ბრიფინგი გამართა.
როგორც სოფიო ხორგუანი აცხადებს, მერის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოჯახებში ასპინძის მერის დავალებით მიდიან.
"კონკრეტული შემთხვევებია. მაგალითად დღეს დილით, გუშინ, გუშინწინ ყველა ოჯახში იყვნენ მისული. მათთან, ვისი განწყობებიც იციან , რომ არ არიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ეუბნებიან, რომ ოჯახის ყველა წევრს შეექმნებათ პრობლემა და ამას რწმუნებულები აკეთებენ მერის დავალებით" -ამბობს სოფიო ხორგუანი.
ის ასპინძის მერთან როსტომ მაგრაქველიძესთან შეხვედრას ითხოვს. ხორგუანმა მიმართა ასპინძის მერს, პრემიერსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, შეწყვიტონ ამომრჩევლის დაშინება და მუქარა.
საარჩევნო გარემოსა და დარღვევებზე "გახარია - საქართველოსთვის" წარმომადგენელმა უკვე მეორედ გამართა ბრიფინგი, ისინი იმასაც ჰყვებიან, როგორ ართმევენ პირადობის მოწმობებს საჯარო სამსახურის თანამშრომლებს.