ეკონომიკა
"ახლა უფრო მშიერი ვარ, ვიდრე წინათ" - ახალციხელები ლარის გაუფასურებაზე
ახალციხეში პური ისევ გაძვირდა. სხვადასხვა სახეობაზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა.
საცხობში ამ ფაქტს ფქვილის გაძვირებით, ფქვილის გაძვირებას კი ლარის გაუფასურებით ხსნიან.

ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში, ბოლო ერთი თვეა უფასურდება. 1 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.61 ლარი იყო, 9 ნოემბერს კი 2.75 ლარია. ერთი ევროს ღირებულება 3.03 ლარი იყო, დღეს კი 3.14 ლარია.

უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნამ, კურსის ცვლილებასთან ერთად იკლო - ამბობენ ახალციხეში, ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლარის გაუფასურებას ბიუჯეტის ხარჯვას არ უკავშირებს. მისი თქმით, ეროვნულ ვალუტას პოლიტიკოსების განცხადებები აუფასურებს.
“ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება 100 პროცენტით გამოწვეულია იმ პოლიტიკური გარემოდან, რაც დღეს არის შექმნილი. იმ აგრესიული რიტორიკითა და უპასუხისმგებლო, ტყუილი განცხადებებით, რაც ოპოზიციის მხრიდან ისმის. დღეს ლარის გაფუფასურების ეკონომიკური საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს. ეს არასტაბილურობის განცდა მოიტანა იმ რიტორიკამ, რომელსაც ასე უტიფრად ამჟღავნებენ ჩვენი ოპონენტები“, – აცხადებს მინისტრი.

იგივე მოსაზრება აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს. მათი განცხადებით, ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მერყეობის მიზეზები არ უკავშირდება ფუნდამენტურ ეკონომიკურ ფაქტორებს. კურსის მიმდინარე დინამიკაზე უარყოფითად საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში არსებული გარემო მოქმედებს.
“ეროვნული ბანკი დაბეჯითებით მოუწოდებს საჯარო პირებსა და ექსპერტებს, თავი შეიკავონ ვალუტის კურსის შესახებ უსაფუძვლო განცხადებებისა და პროგნოზებისაგან, რათა ამით კიდევ უფრო არ გაძლიერდეს არასწორი მოლოდინები. ამდენად, დღეს ბაზარზე არსებული აშშ დოლარის ფასი გადაჭარბებულია და ეროვნული ბანკი მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ურჩევს, ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც, დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს. ზემოაღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სესხის და შემოსავლის ვალუტა უმჯობესია ერთი და იგივე იყოს, როგორც ეს ეროვნულ ბანკს არაერთხელ განუცხადებია. ასეთ შემთხვევაში მსესხებლები მოწყვლადები არ იქნებიან კურსის მოკლევადიანი მერყეობის მიმართ“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ლარის მოსალოდნელი პროგნოზის გაკეთება უჭირს ეკონომიკის ექსპერტს. როინ თათეშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის მდგომარეობა, მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკის ბრალი არ არის. ამაზე გავლენას ახდენს არჩევნებიც, წინასაახალწლო მზადებაც და გარე ფაქტორებიც.
“ქვეყნის ეკონომიკური პროცესები ლარის ასეთ უცაბედ ვარდნას ვერ გამოიწვევდა. ეროვნული ვალუტა გარკვეულ ნიშნულს მიაღწევს და აუცილებლად შეჩერდება გაუფასურება. მთავარია, რომ პროცესი ინფლაციაში არ გადაიზარდოს“, - ამბობს როინ თათეშვილი.

მოქალაქეები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების პარალელურად, ფასები გაიზარდა მედიკამენტებზე, საკვებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და საწვავზე. ადგილობრივების თქმით, დოლარში აღებული კრედიტის გადახდა თანდათან უფრო რთული ხდება.

| Print |