ეკონომიკა
,,მილიარდნახევარი ლარი და 600 ათასი ადამიანი ძალიან გაბერილი ციფრია და ეს, რომ ასეა ძალიან მალე გამოჩნდება" – გიორგი კეპულაძე
,,მთავრობის ინიციატივა რეალურია, მაგრამ შეეხება გაცილებით ნაკლებ ადამიანს, ვიდრე ეს 600 ათასი ადამიანია" – განუცხადა მეცხრე არხს გიორგი კეპულაძემ.

,,საზოგადოება და ბანკები"–ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფილტრაციის შედეგად თანხისა და ე.წ. ,,შავ სიაში" მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირდება. რადგან, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იმ ადამიანებს ეხება, ვისაც ორი ათას ლარამდე სესხი აქვთ აღებული და ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდიათ, ,,სწორედ ამიტომ, ეს არის ჩამოწერილი საბანკო პორტფელები და ის მილიარდანხევარი არ ღირს. ამას სხვაგვარად უიმედო სესხებსაც ეძახიან, ეს არ ღირს იგივე ფასი, რაც რეალურად თავის დროზე ღირდა. შესაბამისად ეკონომიკური ეფექტი, იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე ისინი ელოდებიან. ".

,,საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის აზრით, ეს არ არის ფუფუნება და ძვირი სიამოვნება სახელმწიფოსთვის. ,,საკრედიტო თვალსაზრისით ეს დიდი პორტფელი არ არის, უბრალოდ ბევრ მოქალაქეს და ბევრ ამომრჩეველს ეხება. მილიარდნახევარი ლარი და 600 ათასი ადამიანი ძალიან გაბერილი ციფრია და ეს რომ გაბერილია ძალიან მალე გამოჩნდება".

კეპულაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერის მიერ გაჟღერებულ საკითხს, ,,ეკონომიკასთან უფრო ნაკლები კავშირი აქვს, ვიდრე პოლიტიკასთან და განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიასთან. მითუმეტეს როდესაც ეს არის კერძო სუბიექტებთან დაკავშირებული".

,,ფონდი ,,ქართუ" კერძო სუბიექტია, მიუხედავად იმისა, რომ მისი დამფუძნებელი ამავდროულად პარტია ,,ქართული ოცნების" დამფუძნებელი და თავმჯდომარეც არის. კერძო სუბიექტია ასევე კომერციული ბანკი თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტი. შესაბამისად, მათ შორის მოლაპარაკებებში ჩაერთო ალბათ მთავრობა თავისი ავტორიტეტით და მილიარდანხევრიანი პორტფელი რაზეც საუბრობენ, დარწმუნებული ვარ, ფონდ ,,ქართუ"–სთვის იქნება გაცილებით ნაკლები".

გიორგი კეპულაძე განმარტავს, რომ ინიციატივა ძირითადად ორი ათას ლარამდე არსებულ ონლაინსესხებსა და მცირე სესხებს, ასევე სამომხმარებლო სესხებს ეხება, რომელსაც უზრუნველყოფა არ ჭირდება. ამ პორტფელში ონლაინსესხების ძალიან დიდი წილია. მათი პორტფელის ზრდა 2013 – 14 წლებიდან დაიწყო.

,,კრედიტინფო"–ს მონაცემთა ბაზას და ჩანაწერების რაოდენობას თუ შევხედავთ, წლიდან წლამდე იზრდებოდა ონლაინ სესხების აქტიური მარკეტინგული კამპანია და სწორედ ისინი გასცემდნენ სესხებს შემოსავლის დადასტურების გარეშე, რეგულაციები კი 2017 წლიდან დაუწესდათ. მხოლოდ ამის შემდეგ შემცირდა მათი წილი ,,კრედიტინფო"–ს ჩანაწერების მიხედვით. 600 ათასი ადამიანიდან დიდი უმრავლესობა არის ონლაინსესხების მომხმარებელი. ისინი რეალურად გადიან ბაზრიდან და ცვლიან ბიზნეს მოდელს".

გიორგი კეპულაძის ინფორმაციით, ეს ინიციატივა არ შეეხება იპოთეკურ, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებსა და ასევე ბიზნეს სესხებს. რაც შეეხება სასამართლოში გადასულ საქმეებს, ,,წესით ვალების ჩამოწერის საკითხი მათაც შეეხებათ, თუ რა თქმა უნდა ბოლო ერთი წელია არ აქვთ გადახდილი თანხა და სესხის ოდენობა მხოლოდ 2 000 ლარამდეა. როგორც უკვე გითხარით, ეს არის ჩამოწერილი პორტფელი და ბანკებში მას ,,უიმედო სესხებსაც" ეძახიან".
| Print |