ეკონომიკა
ლარის კურსმა სავალუტო ჯიხურებში 2.78 ნიშნულს მიაღწია
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7676 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7470 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0206 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0848 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0643 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0205 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 22 მაისიდან შევა.

ლარის კურსის გაუფასურების შესახებ ჩივიან ახალციხელები. ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ამბობენ, რომ ქართული ლარის კურსი ბოლო სამი დღეა მკვეთრად ეცემა.

„გუშინ დოლარი 78-ზე ავიდა, დღეს დილიდან მიღება - 2.75 გაყიდვა კი- 2.76 იყო. საღამოს ისევ დაეცა და 2.8–ს მიაღწია. სამი დღეა ძალიან თამაშობს რიცხვები, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ საღამოს დაფიქსირდა 2.8. მთავრობამ და ბანკებმა საკითხი როგორმე მალე უნდა მოაგვარონ“,- აცხადებს მეცხრე არხთან საუბრისას ერთ-ერთი ვალუტის გადამცვლელი.

ლარის კურსისგაუფასურებაზე წუხს ადგილობრივი მოსახლეობა.

,,ისტორიული მაჩვენებელია 2,8. დოლარის ზრდა ლარის გაუფასურებას ნიშნავს, ლარის გაუფასურებით კი ბიზნესს დიდი პრობლემა ექმნება, ზიანს მომაყენებს არამხოლოდ მე, არამედ მთელ მოსახლეობას. დოლარის აწევა ავტომატურად პროდუქტის გაძვირებას იწვევს. იმ ადამიანებზე აღარაფერს ვამბობ, ვისაც კრედიტი დოლარში აქვს აღებული. ხალხი იძულებული ხდება სხვა სესხი გააკეთოს, რომ ძველი გადაფაროს“, - ამბობს ვალერი ჭრელაშვილი.

ლარის გაუფასურებაზე საუბრობს ვაკო ზუმბაძეც: „პრობლემა ძირითადად იმ ადამიანებს შეექმნებათ, ვისაც სესხი დოლარში აქვს, ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ სესხის გადაფარვას, დოლარი თუ გაიზრდება ლარიც გაუფასურდება, ამით კიდევ ფასებიც გაიზრდება პროდუქციაზე“.

ლარის კურსისდაცემა 2016 წლიდან დაიწყო, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა დოლარის მაჩვენებელმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია.

ასევე, დაგაინტერესებთ:

ლარი გაუფასურებას განაგრძობს
| Print |