ეკონომიკა
რა ფაქტორები განაპირობებს საწვავის ფასის ზრდას?
ბოლო ორი თვის განმავლობაში, მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბირჟებზე ნედლეულის ფასი თანდათან იკლებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2019 წლის 7 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, ლონდონში ერთი ბარელი ნავთობის ფასმა 63.29 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში კი 53.99 დოლარი. ამის მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი დღითიდღე იმატებს.

გენადი ზედგინიძის შემოსავლის ძირითადი წყარო ტაქსის მძღოლობიდან მიღებული თანხაა. პენსიონერი მამაკაცი ახალციხის ქუჩებში მთელი დღე დგას. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მგზავრების რაოდენობამაც იკლო. ერთ-ერთ მიზეზად საწვავის ფასს ასახელებს. ბენზინის ღირებულებამ 2.60 ლარს მიაღწია.

„დღეში საშუალოდ, სამჯერ ვასხამ ბენზინს. საწვავის ფასი ყოველ დღე იმატებს. კლიენტი ისედაც არ მყავდა და ახლაც თითქმის ტყუილად ვდგავარ“, - ამბობს გენადი ზედგინიძე.

ტაქსის მძღოლების თქმით, ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ერთის მხრივ, საწვავი ძვირდება, მეორეს მხრივ კი, საზოგადოების ეკონომიკური მდომარეობის გამო მომსახურების ფასს ვერ ზრდიან.

„ყველაზე იაფიან საწვავს ვასხამ, ბენზინის ხარისხის გამო მანქანა წესიერად არ მუშაობს. ხალხს ისედაც უჭირს, თუ გავაძვირებთ საერთოდ აღარ გვეყოლება კლიენტი“,- ამბობს ოთარ გიქოშვილი.

თეიმურაზ კვიჟინაძე ერთ-ერთი მძღოლია, რომელიც საწვავს ყოველდღიურად მოიხმარს. მისთვის ბენზინის ხარისხი უპირატესია.

„საწვავის ფასის გაზრდა არავის სიამოვნებს, თუმცა საბაზრო ფასთან შედარებით, ვფიქრობ სტანტარტულია. საშუალოდ, დღეში ოცი ლარის ბენზინი მჭირდება“,- ამბობს თეიმურაზ კვიჟინაძე.

დღეს ავტომობილი ფუფუნების საგნადაა ქცეული, მაგრამ ოჯახისთვის მანქანა საჭიროა. საწვავს ხშირად ვასხვამ. ბენზინის სიძვირე ჩემს ბიუჯეტზე ცუდად აისახება“,- გვითხრა ავტომობილის მძღოლმა ნანა გელაშვილი.

„დღეში მინიმუმ, 20 ლიტრი საწვავი მჭირდება, ფასთან ერთად ხარისხიც მნიშვნელოვანია, თუმცა ხარისხიანი აღარაფერია საქართველოში“,- ამბობს ზაქრო ღონღაძე.

ბენზინგასამართ სადგურებში, საწვავის ფასის ზრდასთან ერთად, მომხმარებლის რაოდენობამ იკლო.

მიუხედავად იმისა, რომ სხვასთან შედარებით ჩვენთან ფასი შედარებით დაბალია, მომხმარებლის რაოდენობა შემცირდა“,- ამბობს გელა ჯვარიძე.

ექსპერტების თქმით, ნავთობის შემომტანი კომპანიების პოზიცია, რომ საწვავის გაძვირებას ინფლაცია იწვევს, უსაფუძვლოა. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ბენზინის ფასის ზრდაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს - ამბობს როინ თაქთაქიძე.

საქართველოში საწვავი ხუთ კომპანიას შემოაქვს, რომლებიც ერთმანეთში თანხმდებიან და მაქსიმალურ მოგებას იღებენ. ამ საქმიდან ერთადერთი გამოსავალი სახელმწიფოს ჩარევაა“, - უთხრა „მეცხრე არხს“ როინ თაქთაქიძემ.

მისი ინფორმაციით, ნავთობშემომტან კომპანიებს შეუძლიათ საწვავი 40-60 თეთრით ნაკლებ ფასში გაყიდონ. ამ შედეგის მისაღებად კი სახელმწიფოს ყველა შესაძლო მექანიზმის გამოყენებას ურჩევს.

| Print |