ეკონომიკა
5 წელში, მთავრობამ 1 ლარად 95 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთი გაყიდა
2015 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, გარკვეული საპრივატიზებო ვალდებულებებით, 1 ლარად ჯამში 95 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაყიდა. ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 1 ლარად გასხვისებული ქონების ღირებულება სამხარაულის ექსპერტიზამ დაადგინა.

მხოლოდ 2019 წელს 77 044 669 ლარის სახელმწიფო ქონება 1 ლარად არის გაყიდული.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჯამში 2015 წელს 1 ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული, 2016 წელს 9 225 999 ლარის ღირებულების, 2017 წელს 1 476 583 ლარის, ხოლო 2018 წელს 4 022 168 ლარის.

2019 წელს შპს „ვი-აი-პი+“ 1 ლარად იყიდა რუსთავში, მე-12 მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 7404 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და ამავე მისამართზე არსებული 1740 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 1 681 276 შეადგენს.

2019 წლის 8 აპრილს, სს „ნენსკრა ჰიდროს” , „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისთვის, 1 დოლარად გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 97 კვ.მ. და სოფელ ჭუბერში მდებარე 213 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჯამური საბაზრო ღირებულება - 6 300 ლარი.

ასევე წელს, 15 მაისს შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“ -ს 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 123 400 ლარს შეადგენს.

25 მაისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა შპს „ბიგ სერვისის“, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაყოფამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 68.13 ლარს. ანუ ჯამურად 1 ლარად გაყიდული მიწის საბაზრო ღირებულება 68 233 693 ლარია.

| Print |