ეკონომიკა
მაისში საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მაისის თვის საარსებო მინიმუმი გამოთვალა. მათი გათვლებით, ერთ ადამიანს თვეში თავის გატანა 190,1 ლარად შეუძლია. საარსებო მინიმუმი იანვრიდან მაისამდე 12 ლარით არის გაზრდილი. აპრილში საარსებო მინიმუმად 185 ლარი იყო განსაზღვრული, მარტში - 181.2, თებერვალში 179.1, იანვარში კი 178.6.

საქსტატის ინფორმაციით, მაისში ორსულიან ოჯახს არსებობისთვის 269.4 ლარი სჭირდება, სამსულიანს 303.1 ლარი, ოთხსულიანს 336.8 ლარი, ხუთსულიანს 378.9 ლარი ექვს და მეტსულიანს კი 448.0 ლარი.

საქსტატი 2004 წლიდან საარსებო მინიმუმს ყოველთვიურად ანგარიშობს სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც დადგენილია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.
| Print |