ეკონომიკა
,,სიყვარულის ნიშნად ისრაელი იღებს პასუხისმგებლობას და წელს ათჯერ მეტი ტურისტი შემოვა საქართველოში" – სიმონ ლევიშვილი
საქართველოში ანტისაოკუპაციო აქციების პასუხად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 8 ივლისიდან რუსეთიდან პირდაპირი ავიარეისები აკრძალა. ებრაელთა საზოგადოების თავმჯდომარე ახალციხეში ამბობს, რომ რუსული ემბარგოს გამო, ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება და წელს საქართველოში 200 ათასამდე ტურისტი ჩამოვა.

სიმონ ლევიშვილის თქმით, ეს არის ებრაელი ხალხის გადაწყვეტილება და ამ ჟესტით ისინი საქართველოს მისამართით სიყვარულსა და მეგობრობას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.

,,აქამდე დაახლოებით 20–30 ათასი ტურისტი შემოდიოდა წლიურად საქართველოში, ისრაელის სახლის თავმჯდომარე გამოვიდა ინიციატივით, რომ წელს ეს რიცხვი 200 ათასამდე გაიზრდება. ებრაელი ხალხი იღებს პასუხისმგებლობას და რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას ასე პასუხობს" – განმარტავს მეცხრე არხთან სიმონ ლევიშვილი.

ცოტა ხნის წინ, ისრაელის სახლის თავმჯდომარის იციკ მოშემ განაცხადა, რომ წელს ისრაელიდან 200 ათას ტურისტამდე ჩამოვიდოდა. რაც მისივე თქმით, ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში.

"ვუერთდებით ეროვნულ ინტერესებს ტურიზმის სფეროში. პირველ ივლისს ვიქნებით ბარსელონაში, შევხვდებით ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ევროპაში მუშაობენ, რომ განვავითაროთ და გავაძლიეროთ ებრაული მემკვიდრეობის კულტურული მარშრუტი საქართველოში.

ასევე, სამი საერთაშორისო ფორუმი წლის ბოლომდე გადმოვიტანეთ საქართველოში და მომავალ წელს ვაპირებთ, რომ ერთ-ერთი ბიზნეს-ფორუმი მივუძღვნათ ტურიზმის განვითარებას და ინდუსტრიას.

ჩვენ გვჯერა, რომ ტურიზმის სფეროში არის უდიდესი თანამშრომლობა საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის. ამ წელს ალბათ 200 ათას ტურისტამდე ჩამოვა ისრაელიდან.

ეს არის 200 მილიონი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში და გვჯერა, რომ ამ სფეროში ორმხრივი მუშაობით ევროსაბჭოსთან ერთად, შევძლებთ ყოველწლიური ზრდა 50% შევინარჩუნოთ მომავალ წელსაც"
,- განაცხადა მოშემ ღონისძიებაზე „შემოქმედებითი პროექტების ბაზრობა 2019“.
| Print |