ეკონომიკა
კონკურენცია თუ ბიზნესისთვის არაჯანსაღი გარემო?!
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრი მხოლოდ სამშია გახსნილი. ამასთან, ახალციხეში, ტექდათვალიერების ოფისის მიმდებარედ, კომპანია „გრინვეიმ“ მობილური ჯგუფი განათავსა. შპს „მესხეთში“ ამბობენ, რომ „გრინვეი“ მომხმარებლებს ართმევს.

ზურაბ ბერიძეს ავტომობილის ინსპექტირებისთვის, ასპინძიდან ახალციხეში ჩამოსვლა სამჯერ მოუწია. მამაკაცი ამბობს, რომ ტექდათვალიერების ცენტრები ყველა ქალაქში უნდა იყოს მოწყობილი.

„ყოველ ჩამოსვლაზე 10-10 ლარის საწვავს ვასხამ. პირველად რიგში ჩავდექი, მაგრამ დღის ბოლომდე არ მომიწია, მეორედ რომ ჩამოვედი მანქანამ ტექდათვალიერება ვერ გაიარა, ერთთვიანი ვადა მომცეს პრობლემის მოსაგვარებლად, ახლა მესამედ ვარ. ხომ შეიძლება ერთი ცენტრი ასპინძაშიც იყოს, რომ ამხელა გზაზე არ ვიაროთ?“.

მაშინ, როცა ნინოწმინდაში, ასპინძასა და ადიგენში მძღოლებს ავტომობილის ინსპექტირების სერვისი არ მიეწოდებათ, ახალციხეში ტექდათვალიერების ორი ცენტრი მუშაობს. შპს „მესხეთი“ ინსპექტირების კანონის ამოქმედებიდან, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ფუნქციონირებს. კომპანია „გრინვეიმ“ კი მის გვერდზე, თბილისიდან გამოგზავნილი მობილური ჯგუფი თებერვალში განათავსა.

„მთიან რეგიონებში უნდა იდგეს, მაგრამ ჩემს წინ განთავსდა მობილური ჯგუფი. მილიონიანი ინვესტიცია მაქვს ჩადებული ამ ცენტრში. ჩემს საქმეს ეგენი აკეთებენ. ადრე დღეში 50 მანქანას რომ ვიღებდი, ახლა 20-25 მანქანა მოდის“, - ამბობს შპს „მესხეთის“ დირექტორი ნუგზარ აღდგომელაძე.

ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კომპანია „გრინვეიმ“ სამი მოძრავი ხაზით, ავტომობილთა ინსპექტირება მთიან რეგიონებში უნდა უზრუნველყოს.

„თებერვლის შემდეგ მობილური ხაზი იყო ახალქალაქში, შემდეგ ახალციხეში, სტეფანწმინდაში, ახლა ისევ ახალციხეშია და ახლო მომავალში იგეგმება ასპინძაში გადატანა, მერიიდან ველოდებით პასუხებს, თავსუფალი ადგილის გამოყოფაზე“, - გვითხრეს „გრინვეის“ პრესსამსახურში.

რატომ გამოუყო თვითმმართველობამ „გრინვეის“ ადგილი იმავე ტერიტორიაზე, სადაც უკვე ფუნქციონირებდა ავტომობილის ინსპექტირების ცენტრი - კითხვით ახალციხის მერიას მივმართეთ. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ გასცემენ, თუ წერილობით გამოვითხოვთ.

მომხდარს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრები“. სამოქალაქო სექტორი ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ პრობლემაზე.

“ასოციაცია უარყოფითად აფასებს კომპანია „გრინვეის“ გადაწყვეტილებას, რომლის გამოც არ სრულდება ეკონომიკის სამინისტროს მთავარი დაპირება ინსპექტირების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ. კომპანია “გრინვეი“ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს რეკომენდაციას და ნაცვლად მთიანი რეგიონისა, გადასატან ხაზს უმეტესად ანთავსებს ახალციხის ცენტრში, უკვე არსებული ინსპექტირების ცენტრის მიმდებარედ. სადაც ერთის მხრივ ქმნის არაჯანსაღ ბიზნეს გარემოს, ხოლო მეორეს მხრივ მომსახურების გარეშე ტოვებს უამრავ ადამიანს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამის შესახებ ინფორმაცია აქვთ ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში, რომელმაც "გრინვეის" საქმიანობის ლიცენზია მისცა. 

„ეს საკითხი ვიცით, მაგრამ ჩვენ მხოლოდ აკრედიტაციას გავცემთ. მობილური ხაზების გადაადგილება ეკონომიკის სამინისტროსთან თანხმდება და ხელშეკრულებით არის განსაზღვრული“, - გვითხრა აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მალხაზ ხარებავამ.

იყვნენ თუ არა მხარეები შეთანხმებული, რომ ლიცენზიის მფლობელი „გრინვეი“ ახალციხეში, ტექდათვალიერების ცენტრის გვერდით იმუშავებდა - ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსგან პასუხს ორი დღეა უშედეგოდ ველით. 

მეორე დღეა ველით "გრინვეისგან" დამატებით კითხვებზე პასუხს.
| Print |