ეკონომიკა
სათიბების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით ნინოწმინდაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ჯავახეთის მოსახლეობა სარგებლობაში იმ სათიბების გადაცემას მოითხოვს, რომლითაც წლებია სარგებლობენ. ნინოწმინდაში ამბობენ, რომ წელს პირველად ტერიტორიის გათიბვა სხვა პირებმა დაიწყეს, რამაც სოფელ თორიას მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია.

სათიბების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, სოფლის მოსახლეობა ნინოწმინდის მერიასთან შეიკრიბვა და მერთან შეხვედრა მოითხოვა. რადიო ,,ნორის" ინფორმაციით, ადგილობრივებს, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და მისი პირველი მოადგილე, ალექსანდრე მიქელაძე შეხვდნენ და პრობლემაში გარკვევას დაჰპირდნენ.

„სათიბებს წლებია ვიყენებთ, ჩვენია და უცხო პირები არ უნდა შევიდნენ ამ ტერიტორიაზე. ჩვენ სხვა ტერიტორია არ გვაქვს და პირუტყვი რითი გამოვკვებოთ“, – ამბობენ ნინოწმინდის მერიაში შეკრებილები.

სოფელ თორიას მოსახლეობა სათიბების სარგებლობაში გადაცემას მესამე წელია ითხოვს. სათიბების საკუტრებაში გადაცემის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია თორიას მაცხოვრებლებმა გასულ კვირასაც გამართეს, პოლიციაც გამოიძახეს, მაგრამ უშედეგოდ.

ადგილობრივების მტკიცებით, მათ რამდენიმე თვის წინ მიმართეს ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანსაც, რომელიც თორიას მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე მის დაპირებას შედეგი არ მოჰყოლია.

ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სათიბების ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და შესაბამისად, ნინოწმინდის მერია საკითხს ვერ მოაგვარებს.


| Print |