ეკონომიკა
კაცების საშუალო ხელფასი 400 ლარით მეტია, ვიდრე ქალების - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის საშუალო ხელფასების რაოდენობა გამოთვალა. სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, წინა წელთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა - 11.3%)
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა - 7.4%)
• მშენებლობა - 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა - 5.9%.

2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 280.7 ლარით განისაზღვრა. საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

2018 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 271.9 ლარით დაბალი იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ასევე, 2017 წელთან შედარებით, სახელმწიფო სექტორში ხელფასი 3.6 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 8.1 პროცენტით არის გაზრდილი და შესაბამისად 892.1 და 1 164.0 ლარს შეადგენს.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. სამცხე-ჯავახეთი მეცხრე ადგილზეა 640.5 ლარით.
| Print |