ეკონომიკა
111 000 პირს სესხის პროცენტი ეზრდება

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილების შედეგად, მათ ვისაც ლარში არსებული სესხი ცვლად განაკვეთზე აქვთ მიბმული, სესხის განაკვეთი გაეზრდებათ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეფინანსირებაზე მიბმული სესხების მოცულობა 2.6 მილიარდი ლარით, 5.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, სესხების საერთო რაოდენობა კი 111,400-ია.

„მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 9%-მდე გაეზარდათ. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5,9 მილიარდი ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

111,400 ხელშეკრულებიდან 30 900 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი - 745.5 მილიონი ლარი. საპროცენტო განაკვეთმა პირველი ნოემბრის მდგომარეობთ, 15.88% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 41 600 სესხია მიბმული, საშუალოდ 10.51%-ში.

35 200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1,03 მილიარდი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.09%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1,96 მილიარდი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.06%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ პირველი ნოემბრის მონაცემებით, 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14.25 მილიონი ლარი ბანკებმა საშუალოდ 14.55%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2 800 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 72.64 მილიონი ლარია.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 2,6 მილიარდი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.32%-დან 12%-მდეა შემცირებული",- ნათქვამია ორგანიზაციის მიმოხილვაში.

 

| Print |